Monday, November 2, 2009

მელესის თაბაშირის მთვარე


1902 წლის 1 სექტემბერს პარიზში, ღია ცის ქვეშ, პირველი ფანტასტიკური ჟანრის ფილმის ჩვენება შედგა, ხოლო ზუსტად ერთი თვის თავზე, საგანგებოდ იგივე ფილმის ამერიკული პრემიეირისთვის ლოს-ანჟელესში, დღევანდელი ჰოლივუდის ტერიტორიაზე, მსოფლიოში პირველი კინოთეატრი დაარსდა.

ფილმი ფრანგ რეჟისორს, ჟორჟ მელესს, ეკუთვნოდა, რომლის ხანგძლივობა არც მეტი, არც ნაკლები ცამეტ წუთს შეადგენდა და „გასეირნება მთვარეზე“ (Le Voyage Dans la Lune ) ერქვა. სცენარში ცვლილებები რეჟისორმა თავადვე შეიტანა, თუმცა სიუჟეტი გერბერტ უელსსა და ჟიულ ვერნს „წაართვა“ და ფილმს მსუბუქი, სარკასტული ხასიათი შესძინა. პირველ ფანტასტიკურ კინო-ფილმში მოთხრობილია თუ როგორ გაფრინდა ფრანგი ასტრონომების ჯგუფი მთვარეზე, როგორ შეიპყრეს მეცნიერები „მთვარეულმა აბორიგენებმა“ და როგორ დაბრუნდნენ დედამიწაზე. ფილმის ყოველი კადრი გროტესკულია, იდეა - იმდროინდელი ეპოქისთვის ყოვლად წარმოუდგენელი.

ფილმმა „გასეირნება მთვარეზე“ საფუძველი ჩაუყარა კინოხელოვნების მრავალმხრივ განვითარევას და მას თეატრალიზირებული სახე შესძინა, რასაც მანამდე დიკსონის, კუნისა და ძმები ლუმიერების შემოქმედებაში არც უარსებია.

ჟორჟ მელესი, 531 მოკლემეტრაჟიანი ფილმის რეჟისორი, რამდენიმე წლის მანძილზე რობერტ უდენის თეატრში ილუზიონისტად მუშაობდა. ოკულტიზმი და მაგია ბავშვობიდანვე იტაცებდა . კინემატოგრაფიით ლუმიერების პირველი ფილმის ნახვისთანავე დაინტერესდა. ოცდათხუთმეტი წლის დამწყებმა რეჟისორმა გადასაღები აპარატი ოციათას ფრანკად ანტუან ლუმიერისგან იყიდა, რომელმაც ზუსტად ერთი წლის თავზე ასჯერ მეტი მოგება მოუტანა. რამდენიმე კვირის შემდეგ ისტმენ კოდაკ კომპანიისგან ფირი შეიძინა. კარიერის დასაწყისშივე მელესმა მიზნად დაისახა კინემატოგრაფიაში გადატრიალების მოხდენა, თუმცა მთელი წლის მანძლზე გადაღებული ოთხმოცივე მოკლემეტრაჟიანი ფილმი ისეთივე უარგისი გამოდგა, როგორ მისი ბავშვური ოცნებები ილუზიონისტობაზე.


მომდევნო წელს მელესს უჩნდება ილუზიონიზმის იდეა კინო ხელოვნებაში. მონროიეში იგი აარსებს საკუთარ კინოსტუდიას. მისი ერთადერთი იდეაფიქსია მაყურებლის გაოცება.


პირველი ინოვაციური ფოკუზი მელესმა ფილმში “ქალბატონის გატაცება” გამოიყენა, სადაც მთავარი გმირი მონტაჟის საშუალებით სკამიდან ქრება. ფრანგი კინოკრიტიკოსი ჟორჟ სადულის აზრით, მელესი ამ პერიოდში გატაცებული იყო ჰოპკინსის ნაწარმოებებით ილუზიონიზმზე. მან შესანიშნავად აითვისა ფოტოტრიუკების ხელოვნება, სინათლით მანიპულირება, რის შემდეგაც დაამკვიდრა ორმაგი და მრავალმხრივი ექსპოზიცია, გამოიგონა მონტაჟი და მაკეტი კინოხელოვნებაში, რაც მოგვიანებით გადასაღები მოედნის განუყოფელ ბიჟუტერიად იქცა. მრავალი კინომცოდნის აზრის, იგი კინემატოგრაფიული ევოლუციის ფუძემდებელია. ჟორჟ მელესი იყო პირველი, ვინც გადაიღო წყალქვეშა კადრები დიდი აკვარიუმის საშუალებით; ფილმში მუდმივად იყენებდა დეკორაციებს, იმ ეპოქის ცნობილი და სკანდალური მწერლების ნოველებს კი ფილმის სცენარად. ასევე დიდ ყურადღებას აქცევდა გრიმს და მსახიობების არტისტულ მონაცემებს, ჟესტიკულაციასა და მიმიკებს. ერთი სიტყვით, ის იყო პირველი თეატრალიზირებული ფილმების ავტორი. მას აგრეთვე ეკუთვნის შარლ პეროს ზღაპრების ეკრანიზაცია, როგორიცაა “კონკია”, “წითელქუდა” და “ლურჯწვერა”. თუმცა მისი შემოქმედებიდან მაყურებელს ყველაზე მეტად „გასეირნება მთვარეზე“ და უზარმაზარი მთვარის მაკეტი დაამახსოვრდა. ამ ყველაფერს ხელი იმ ფაქტმაც შეუწყო, რომ სამეცნიერო ფანტასტიკა ლიტერატურაშიც ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და, ამავე დროს, კრიტიკულ ჟანრად იქცა. მოგვიანებით კი კინემატოგრაფიაში იმაზე მეტი აღიარება მოიპოვა, ვიდრე თავად მელესს წარმოედგინა.

No comments:

Post a Comment