Tuesday, May 10, 2011

My Prejudice

კლასიზმი თინეიჯერულად



მახსოვს, დაახლოებით 14-15 წლის ვიქნებოდი მკვეთრად გამოხატული სტერეოტიპი რომ ჩამომიყალიბდა გარეუბანში მცხოვრები ადამიანების მიმართ. მაშინ 55-ე სკოლაში ვსწავლობდი და ჩემი ასაკის გოგოებში მსგავსი ნეგატიური განწყობა საკმაოდ გავრცელებული მოვლენა იყო. ჩვენი სკოლა არაფრით გამოირჩეოდა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მასწავლებლების 90% სტალინისტი იყო, საბჭოთა კავშირს შენატროდა და ზოგიერთი მათგანი სიამაყით გვიყვებოდა, რომ მათი მოსწავლეები ერთ დროს კომუნისტური პოლიტელიტის შვილები და შვილიშვილები იყვნენ. ჩვენც, რამდენიმე მათგანი, ვისაც ამ ე.წ. „ პრივილეგირებული კასტის“ შთამომავლები გვერქვა, მეტი სიმპატიით ვსარგებლობდით, ვიდრე სხვები.

ჩვენ კლასში ერთი გოგო სწავლობდა. ახლაც მახსოვს, წითური თმა და ჭორფლები ჰქონდა და პეპის გავდა. ოღონდ მაშინ ლინდგრენის უსაყვარლეს პერსონაჟთან ვერაფრით ვაკავშირებდი. თითქმის არავინ ეკონტაქტებოდა, იმიტომ, რომ დედამისი სკოლაში დამლაგებლად მუშაობდა, თვითონ კი გლდანიდან დადიოდა. დილის რვაზე უკვე საკლასო ოთახთან იდგა ხოლმე, ჩვენ კი, ვინც სკოლასთან ორ ნაბიჯში ვცხოვრობდით, ვაგვიანებდით და მერე ამ გოგოს დავცინოდით, სოფლიდან ადრე ჩამოდის-თქო. ახლა, როცა ამ ყველაფერს ვიხსენებ, ძალიან მრცხვენია და ვფიქრობ, რომ ჩემი თაობის ძირითადი პრობლემა სწორედ ამ სწორხაზოვნებაში მდგომარეობს, რომელიც სამყაროს ორ ნაწილად - თეთრად და შავად, მდიდრებად და ღარიბებად, ბოგანოებად და ელიტად ყოფს და იმის იქით ვერაფერს ამჩნევს.
ერთი სიტყვით, მაშინ ჩემს ლექსიკონში ხშირი იყო ისეთი ცინიკური დეფინიციის მქონე სიტყვები, როგორიცაა „შე გლდანელო“, "შე ვარკეთილელო", „შე გოიმო“, „შე ბოგანო“ და ა.შ. მართალია, პირადად არავისთვის მითქვამს, მაგრამ მე და ჩემი მეგობრები ამ ფრაზებს სხვისი მისამართით ნეგატიურ კონტექსტში ხშირად ვიყენებდით.

ეს არაჯანსაღი დამოკიდებულება სამწუხაროდ უნივერტეტამდე გამყვა. ჯგუფში კლანები გვქონდა, რომელშიც მხოლოდ ცენტრალურ უბნებში მცხოვრები სტუდენტები ვერთიანდებოდით და სხვებს ზევიდან ვუყურებდით. მაშინ ჩემთვის ადამიანის კულტურულობის მთავარი განმსაზღვრელი დეტალები იყო: პირველი - მას ის რამდენიმე წიგნი უნდა ჰქონოდა წაკითხული, რომელიც მე მიყვარდა; მეორე - უნდა ეცხოვრა რომელიმე ცენტრალურ უბანში, მესამე, მეოთხე და მეხუთე ინდივიდუალური ელემენტები იყო, რომელიც ამათუიმ სუბიექტის სტატუსს ჩემ თვალში მაღლა სწევდა.

მერე დრო გავიდა და გავიზარდე. საბედნიეროდ, შემეცვალა გემოვნება და შეხედულებები, უფრო განვვითარდი და მივხვდი, რომ ჩემი კლასისტური შეხედულება ფაშიზმზე გაცილებით სახიფათო და მცდარია. მივხვდი, რომ ადგილმა თუ შეიძლება რაიმე სახის გავლენა მოახდინოს ადამიანზე, ეს მხოლოდ ცუდი კლიმატით შერყეული ჯანმრთელობაა. მივხვდი, რომ მე თუ მამა მეცნიერი მყავს და დედა ექიმი, არაფრით არ აღვემატები მათ, ვისაც მშობლები მუშა, მძღოლი ან დამლაგებელი ჰყავს. ასევე მივხვდი, რომ ნიჭს სოციალური სტატუსი არ გააჩნია და იგი ყველგან ერთნაირად იჩენს თავს, ბევრ რამეს მივხვდი და მერე შემრცხვა ჩემი საქციელის გამო. ბოლოს მივხვდი, რომ ღარიბ ოჯახში, დაბალი სოციალური სტატუსის მქონე მშობლების შილები მეტ წარმატებას აღწევენ, ვიდრე ისინი, ვისაც მე თავის დროზე „კაი ტიპებად“ ვთვლიდი.

ერთი სიტყვით, მივხვდი, რომ ადამიანი შინაგანად კულტურის მატარებელია და თავად ქმნის მას, განურჩევლად სოციალური წარმომავლობისა, სტატუსისა, ადგილმდებარეობისა, რელიგიისა, ეროვნებისა თუ სექსუალური ორიენტაციისა.

პ.ს. ამგვარი ნეგატიური სტერეოტიპები ალბათ ჩემნაირების მიმართაც ექნებათ მათ, ვის მიმართაც მე მქონდა, თუმცა ეს სხვა თემაა და ამგვარ კლასობრივ ბრძოლებზე სხვებმა წერონ.

No comments:

Post a Comment