Sunday, January 31, 2010

სტერეოტიპების კარტოგრაფია


აშკარაა, რომ ქართული საზოგადოება მიდრეკილია სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წევრების კატეგორიებად დაყოფისა და სტატუსების თვითნებურად მინიჭებისკენ. უმრავლესობისთვის კლასობრივი, გენდერული, ეთნიკური და რელიგიური სტერეოტიპები საზოგადოებას ორ ძირითად ნაწილად ხლეჩს, ხოლო მეორე, სტიგმატიზირებულ ნაწილს, “წესიერი მოქალაქენი” როგორც კეთროვანებს ისე ერიდებიან.

შესაბამისად, სტერეოტიპები ქმნის ე.წ. საზოგადოებრივ აზრს. ამავდროულად, ხშირ შემთხვევაში, იგი ბადებს სტიგმას, ეს უკანასკნელი კი სოციალურ რეალობას მეტ მანკიერებასა და სიყალბეს შემატებს.
ჯერ კიდევ მამებისა და ბაბუების თაობაში რუსი ქალების თავისუფალ ყოფაქცევასთან დაკავშირებით გავრცელებული აზრი დღემდე შემორჩენილი სტერეოტიპია. რეალურად, იგი მოკლებულია ობიექტურობას, ისევე როგორც ნებისმიერი ნიშნით დამკვიდრებული სტერეოტიპი. როგორც წესი ეთნიკური, რელიგიური, გენდერული და კლასობრივი ნიშნის სტერეოტიპები მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან და საზოგადოებრივი რეალობის მცდარ სქემას ქმნის. მაგალითად, “პატიოსანი, ღვთისმოსავი და შრომისმოყვარე ქართველისთვის” ნებისმიერი სომეხი ასოცირდება მხოლოდ მეწაღესთან, სტილისტთან, მკერავთან და მსგავს სოციალურად მნიშვნელოვან, მაგრამ ბევრისთვის არაპრესტიჟულ პროფესიასთან. ამგვარი კლასობრივი სტერეოტიპი ქმნის ახალ ეთნიკურ სტერეოტიპს, როგორიცაა საქართველოში მცხოვრები სომხების გონებრივი შესაძლებლობების დაბალი შეფასება. რამდენიმე ათწლეულია, რაც ქართულ ენაში სომხების შეურაცხმყოფელი იდიომატური გამონათქვამებიც კი დამკვიდრდა.

საზოგადოებაში უარესი დამოკიდებულებაა ქურთების, იეზიდებისა და აისორების მიმართ. უმრავლესობის წარმოდგენით, ყველა მათგანი მეეზოვე ან ორგანიზებული დანაშაულის წევრია. სტერეოტიპული სქემის მიხედვით არც ერთმა ქურთმა თუ აისორმა არ იცის წერა-კითხვა და, რაც ყველაზე სამწუხაროა, ქართული საზოგადოების გარკვეული ნაწილი ამ მცირერიცხოვან სოციალურ ერთობას დაავადებების გამავრცელებელ წყაროდაც კი მიიჩნევს.

ფარიდე დევრიშევი ტკივილით იხსენებს იმ ფაქტს, როცა შვილიშვილი ქართულ ბაღში მიიყვანა.
“რომ მივედი ჩემი შვილიშვილი ცალკე იჯდა. მერე გავიგე, ქართველმა ბავშვმა უთხრა, ჩემთან არ დაჯდე, ჭუჭყიანი ხარო. მერე სხვებმაც ასე დაუწყეს ძახილი, შე ჭუჭყიანოო. არ მესმის, მასწავლებელმა რატომ არ მისცა შენიშვნა?!” – ამბობს ფარიდე. “რამდენიმე დღის შემდეგ, როცა შვილიშვილს მივაკითხე, ერთ-ერთ ქართველ ბავშვს ვუთხარი, რატომ ეუბნები რომას ასეთ რამეებს-მეთქი. იმან მითხრა, მამა ამბობს, ქურთის გვერდით არ დაჯდე, რამე გადაგედებაო.”

ხშირ შემთხვევაში სტერეოტიპების არსებობასთან ერთად იკვეთება ეთნოცენტრული და შოვინისტური ტენდენციებიც. მართალია, ნაცისტურ გაერთიანებებს საქართველოში არასოდეს უარსებია, მაგრამ ქართველი ერის უპირატესობა სხვა ერების ფონზე ყოველთვის მკვეთრად გამოხატული ტენდეცია იყო და არის.

სამწუხაროდ ჩვენი საზოგადოება ვერც რელიგიური ნიშნით დამკვიდრებული სტრეოტიპების ნაკლებობით იამაყებს. ბოლო წლების მანძილზე მომრავლებული რელიგიური ორგანიზაციები და ცალკეული პირები ხელს უწყობენ რელიგიური უმცირესობების სტიგმატიზაციას. მიუხედავად იმისა, რომ თამამად შეიძლება ითქვას, ანტისემიტიზმს, როგორც იდეოლოგიას, საქართველოში მიმდევრები არასოდეს ჰყოლია, ბოლო წლების მანძილზე ინტერნეტ სივრცესა თუ არაერთ ქართულენოვან გაზეთში ანტისემიტური სტატიებისა და ესსეების გამოქვეყნება გახშირდა. მაგალითად, როგორიცაა ნაწყვეტები გრიგორი კლიმოვის ანტისემიტური რომანიდან “წითელი კაბალა”, რომელსაც გაზეთი „ასავალ-დასავალი“ აქვეყნებს. ინტერნეტ-ფორუმებზეც ხშირად გადააწყდებით არაორდინალურ, უარგუმენტო თეორიებსა და მსჯელობებს იუდეველების ანუ ე.წ. ურია-მასონების მიერ შემუშავებული ქრისტიანული სამყაროს განადგურების გეგმის თაობაზე. ზოგ შემთხვევაში მსგავსი “აპოკალიპტური” იდეების გაზიარებას როგორც საზოგადო მოღვაწენი, ასევე სასულიერო პირებიც არ ერიდებიან. თუმცა თავად ქართველ-ებრაელების უმეტესობას ქართველი ხალხისგან დისკრიმინაციის არცერთი ფაქტი არ ახსოვს.

ქართველი-ებრაელი მერი მარტიაშვილი თბილისში დაიბადა და გაიზარდა. ახლა თელავივში ცხოვრობს, მაგრამ ყველაზე მეტად საქართველო ენატრება. “საქართველოში ბევრი ქრისტიანი მეგობარი მყავს. მე მათგან ვერავითარ წყენას ვერ ვიხსენებ, პირიქით. საქართველო ჩემი პირველი სამშობლოა, ისრაელი კი მეორე.” – ამბობს მერი.

რელიგიური ნიშნით დამკვიდრებულ სტერეოტიპებზე საუბრისას, არ შეიძლება არ აღინიშნოს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სტერეოტიპი. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ქართულ საზოგადოებაში არც ერთი სხვა რელიგიური უმცირესობისადმი არ არსებობს ისეთი მკვეთრად გამოხატული სტერეოტიპი, როგორც კათოლიკეების მიმართ. ქრისტიანული სამყაროს ყველაზე მრავალრიცხოვანი რელიგიური ერთობა ქართული საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ერეტიკული სექტის სინონიმად მოიაზრება. გაბატონებული სტერეოტიპი, რომელიც თავისდაუნებურად კათოლიციზმის მიმდევართა სტიგმატიზაციას ახდენს, პირველი ნაბიჯია, გადადგმული, რელიგიური უმცირესობის უფლებების შელახვისაკენ, რაც დღევანდელ ეპოქაში ცივილიზებული საზოგადოებისთვის ყოვლად დაუშვებელია.

36 წლის ფსიქოლოგი სოფო ნამგალაძე კათოლიკეა. იგი მიიჩნევს, რომ მართლმადიდებელი მრევლის გარკვეული ნაწილის ფუნდამენტალისტური დამოკიდებულება დოგმებთან ბევრ მორწმუნეში უკურექციას გამოიწვევს და სამუდამოდ გარიყავს ეკლესიური ცხოვრებისგან.

“ჩემთვის ძნელია იმაზე საუბარი, რა დამოკიდებულება აქვთ მართლმადიდებელ სასულიერო პირებს სხვა რელიგიური უმცირესობებისადმი, რადგანაც არავითარი პირადი ან პროფესიული ურთიერთობა არ მქონია მათთან. მაგრამ შემიძლია ვიმსჯელო უშუალოდ მრევლზე და ცალკეულ ინდივიდებზე. პირადად მე, როგორც კათოლიკეს ძალიან ხშირად მომისმენია მართლმადიდებელი მეგობრებისგან და კეთილის მსურველებისგან რჩევა, გნებავთ ქადაგება დაარქვით, რომ აუცილებლად უნდა მოვინათლო მართლმადიდებლად, თორემ ღმერთი დამსჯის და ჯოჯოხეთში მოვხვდები.”

შეიძლება თუ არა მივიჩნიოთ, რომ მსგავსი ეთნიკური თუ რელიგიური ნიშნით დამკვიდრებული სტერეოტიპების ძირიტადი ფუნქცია გარკვეული კატეგორიისთვის ეროვნული და მართლმადიდებლური ფასეულობების გარდარჩენის მექანიზმია? ცხადია, არა. თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნეგატიური სტერეოტიპის არსებობას ყოველთვის თან ახლავს სტიგმა, რასაც სოციალური ჯგუფების დისკრიმინაციისკენ მივყავართ.