Monday, November 2, 2009

ესკიმოსთა თქმულებები პოეზიაში

ეროტიკა, მისტიკა და გროტა


“ხანდახან წერის დროს სასწაულები ხდება – მესამე ხმა ბედისწერას გვკარნახობს.” – ამბობს ამერიკელი პოეტი დენის დუჰამელი, ათამდე კრებულის ავტორი და ოთხი ლიტერატურული პრემიის მფლობელი. ზოდიაქოს ნიშნით კირჩხიბია, ჩინური ჰოროსკოპით - ხარი, სტიქია – წყალი, პლანეტა – მთვარე. ამიტომაც მისი პიროვნებისთვის დამახასიათებელი მსუბუქი ირონია, იუმორი და მისტიციზმი მისსავე ნაწარმოებებშიც პოულობს გამოხატვის საშუალებას.

დენის დუჰამელის პოეტური კრებულები, როგორც წესი, ერთგვარი ციკლია. ზოგჯერ მისი ერთი ლექსი მეორე ლექსის ანარეკლია და იმ ამბის გაგრძელებას გვიამბობს, რომელსაც რამდენიმე ფურცლით ადრე გადავაწყდით. მას შეუძლია სხვა სივრცეში გადაიყვანოს მკითხველი – თოჯინების სამყაროდან (კრებული “კინკი”) დაწყებული ყინულოვანი კუნძულებით დამთავრებული. ჩემი აზრით, ეს ის თანამედროვე პოეტთაგანია, რომელიც ადამიანურ ტკივილებს, განცდებსა და მანკიერებებს განსაკუთრებული სიმძაფრითა და სპეციფიკით აღწერს. მისი კრებული სახელწოდებით “ქალი ორი საშოთი” 1995 წელს გამოვიდა, რის საფუძველსაც ესკიმოსების მითოლოგიური თქმულებები წარმოადგებს. ამ ლექსებში ავტორი მოგვითხრობს ესკიმოსების ცხოვრებაზე, მათ რიტუალებზე, ღმერთებსა და აჩრდილებზე. აგრეთვე, რაც მთავარია, ჩვეულებრივი ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე, მათ რუტინასა და სასიყვარულო განცდებზე. დუჰამელის სტილი ძალიან მსუბუქია, ირონიით გაჟღენთილი და მისი “უცნაური” თუ “უხამსი” ამბები სინამდვილეში ყოფითი ისტორიებია, ზოგ შემთხვევაში ჩვენთვის ნაცნობიც კი, ოღონდ თითქოს სხვა სივრცესა და განზომილებაში დანახული. ამბობენ, რა უნდა დაწერო ისეთი დღევანდელ ეპოქაში, რომ მითებად არ ეთქვათ ძველ ხალხებსო. ალბათ ასეცაა.

როდესაც დენის დუჰამელის ლექსები წავიკითხე, გამოგიტყდებით, დიდად არ აღვფრთოვანებულვარ, მაგრამ რაღაცნაირად თავი დამამახსოვრეს მისმა ლირიკულმა პერსონაჟებმა – ობოლმა ბიჭმა, რომელიც სიკვდილის შემდეგ ქალად იქცა, კაცმა, რომელიც თავის მოჩვენება ცოლს მისტიროდა, იგლუში მცხოვრებმა წყვილმა, მთვარეს რომ შვილი სთხოვა. შემდეგ მივუბრუნდი, რამდენიმე მათგანი ვთარგმნე და ბოლოს მისი კრებულის გამოცემაც გადავწყვიტე ქართულ ენაზე. თუკი ეს ლექსები მკითხველს არ მოეწონება, იმედს ვიტოვებ, ესკიმოსთა მითოლოგიის მიმართ მაინც გაუჩნდება ინტერესი.

და ვინაიდან ადამიანებს ციფრები ძალიან გვიყვარს, ბოლოს იმასაც ვიტყვი, რომ დენის დუჰამელი 1961 წელს დაიბადა ვუდსოკეთში. დღესდღეობით კი ორმოცდარვა წლის პოეტი ოჯახთან ერთად ფლორიდაში ცხოვრობს, ორსართულიან სახლში, ძალიან ახლოს ოკეანის სანაპიროსთან.


ქალი ორი საშოთი

ქალი, რომელსაც ორი საშო ჰქონდა, ყველანაირად ცდილობდა,
რომ მეუღლისგან დაემალა თავისი ნაკლი. უძნელდებოდა,
რადგანაც მისი ორივე საშო ხელისგულებზე მდებარეობდა,

ნაცვლად ჩვეული ადგილისა. თავისი ქმრის განსაცვიფრებლად,
ძუძუსთავებით ეხებოდა ხოლმე ასოზე,
ხან კი უკნიდან აცდუნებდა.

ქალი შორიდან ჩამოსულა. იმ ადგილებზე, როგორც წესი,
არ საუბრობდა. ქმარს კი ეგონა, იქ მიიღო
გასაოცარი სიყვარულის ამგვარი ცოდნა.

გახარებული ყოფილა კაცი, სანამ ნახავდა,
როგორ წვეთავდა ცოლის შარდი მის თითებშორის,
თითქოს დაღვრილი წყლის დაჭერას ცდილობდა პეშვით.

ნეტა არასდროს გაეგონა ის, რაც გაიგო,
რომ მისი ცოლი - ახალგაზრდა, მაცდური ცოლი, სული ყოფილა.
განცდებისთვის დრო აღარ ჰქონდა... –

თოვლის ქოხმახში მარტოობა მიაქვთ აჩრდილებს.
და ამიტომაც კაიაკში დააბა ქალი
და მოდრეიფე ყინულზე შესვა, რომ მის სამყოფელს მოშორებოდა.

სთხოვა, დაბრუნდი, სადაც მკვდრების სამყარო არის.
მაგრამ საბრალო მისი ცოლი, მკრთალი ჩრდილივით რომ ფართხალებდა,
ვეღარც ხმელეთზე ბრუნდებოდა, ვეღარც იმქვეყნად.

ვიღაცას უთქვამს, დღემდე ისმის მისი ტირილი:
“ვერ დამიბრუნებს ჩემი ქმარი, ვერ დამიბრუნებს!”
თუმცა ვერ ხვდება, თუ რა ძლიერ ნატრულობს ისიც

მის ტყუპ საშოებს და როგორ ცდილობს დაუმალოს
თავის ახალ ცოლს, რადგან სოფელი პატარაა და
ქარიშხალში ყველა ჭორი სწრაფად ვრცელდება.

ასე ამბობენ, თითქოს ახალ ცოლს აიძულებს სახეში ურტყას,
რომ მისი თბილი თითებიდან თრთოლვა შეიგრძნოს.
და მერე მოსთქვამს მის უნაყოფო ხელისგულებში სახეჩარგული.


მთვარის კაცი


რა არ ვიღონე შვილი რომ მყოლოდა?!
შიშველი ტანით ვიძინებდი მთვარის შუქის მოსანუსხად.
წყალს იმ დროს ვსვამდი,
თუ სავსე მთვარე ზედაპირზე ირეკლებოდა.
მთავრის კაცი კი არშობილ ბავშვებს ღორივით თქვლეფდა.
როცა მიწაზე ეშვებოდა სხვადასხვა ქალის გასანაყოფიერებლად,
მე არ მაქცევდა ყურადღებას.
სამაგიეროდ, პატარა გოგო გააოცა ახალი ჩვილით,
მერე ბებიას ჩამოუგდო ბავშვი საჩუქრად.
სანამ ერთ დღესაც ჩემმა ქმარმა
მთვარეს შამანი არ მიუგზავნა.
ჩემი სახელიც დაიზეპირა მისმა მეგზურმა.
ჩვენი პატარა საუკეთესო შვილი იქნება დედამიწაზე,
სხვადასხვა რამით გამორჩეული,
რადგან ამდენ ხანს გვალოდინა.
ახლა კი, როცა დამაორსულა,
ჩემი ქმარი ყოველ ღამით მაძლევს თავის თესლს
ბავშვის საკვებად, სანამ ჩემშია.
ხანდახან წვეთი პენისზე რჩება, -
მთვარისნაირად ქათქათა თეთრი,
მარგალიტივით, როგორც ჩემი მრგვალი მუცელი.


მას, ვისი საშოც კაცებს ყლაპავდა

ის არ ყოფილა გოლიათი,
არც მის ვაგინას ჰქონდა კბილები.
სამაგიეროდ, მშიერ გველს ჰგავდა, ვეება ნივთებს რომ ყლაპავს უმალ.
სხვა მდედრებისგან განსხვავებით მისი საშო არ იერთებდა
საშვილოსნოს ღრუს. სამაგიეროდ სლიპინა ხვრელი კაცებს,
როგორც ნაირნაირ მეტალის საგნებს, ისე იკრობდა მაგნიტ-მუცელში,
სადაც ისინი ცხიმებსა და სელაპის ხორცს გაერეოდნენ,
ცოტა ხნით ადრე ქალს რომ ეჭამა.
ხოლო სხვები კი გულმოდგინედ ეძებდნენ ხოლმე
გამქრალი ქმრების ნეშომპალას მის განავალში,
ვის ვაგინასაც ჩაეყლაპა მათი კაცები.
ხანდახან ოქროს კბილით სცნობდნენ, ზოგჯერ ღილითაც.
ქვრივები აღარ ქვითინებდნენ, რადგან იცოდნენ,
გზააბნეული ქმრებისათვის არ ღირს წუხილი,
ძაღლისგანაც კი უფრო მეტი სარგებელია,
რითიც ცოლები ვახშამს მაინც მოამზადებდნენ,
თუკი შიმშილი შეაწუხებდათ.


ორი ქალი, რომელთაც თავისუფლება მოიპოვეს

მას იგლუს შუა ნაწილში ეძინა,
ძალიან ახლოს სინათლესთან, სანამ ორიდან ერთ-ერთი ცოლი
იქვე, კედელთან თრთოდა თავისთვის.
არა, ეს შიში სულაც არ იყო,
იმის გამო, რომ ქმარი ცოლებს მაშინ ურტყამდა,
როცა ხმადაბლა გაიცინებდნენ.
ან იმის გამო, რომ მათი ქმარი ყველა კაცს სცემდა,
ვინც შეაქებდა რომელიმეს მშვენიერებას.
განრისხებულმა თანასოფლელი იმ დღესვე მოკლა,
როგორც კი ხმები დაირხა ხალხში,
ვითომ მის ერთ-ერთ ცოლთან წოლილა.
ორივე ქალმა გადაწყვიტა, სანაპიროსკენ გაპარულიყვნენ
სქელძირიანი მუკლუკებით,
საგანგებოდ რომ შეეკერათ გაქცევის დღისთვის.
ზღვის სიახლოვეს მწოლიარე ვეშაპის ლეშში
დაიდეს ბინა. ფრთხილად შეცოცდნენ ტანში პირიდან, -
იმდენად ფრთხილად, რომ ფეხსაცმელი მკვდარი ცხოველის
ბასრ კბილებზე არ გაეხიათ.
მოსასვენებლად მისი კუჭის კედელს მიეყრდნენ;
ვეშაპის ხორცი ეყოფოდათ მთელი ცხოვრება, -
მისი გახრწნილი შიგნეულობა ისეთივე გემრიელია
როგორც ყველის დიდი ნაჭერი...
ამასობაში ქმარმა შამანი გამოიძახა,
მანაც უმალვე გააგზავნა ვეშაპის მხარეს,
თუმცა სიმყრალემ შეაშინა მრისხანე ქმარი,
უკან გაბრუნდა და შამანს უფრო ძლიერად ურტყა,
ვიდრე ძველ ცოლებს,
რომლებიც იმ დროს ერთმანეთის სითბოში იწვნენ
და ქონის ყვითელ სიმხურვალეს ინაწილებდნენ.


პატარა ქმრების ღირსებები

სოფელში, სადაც ყველა კაცი ერთად მოუკლავთ,
საბრალო ცოლებს აღარ დარჩათ გამოსავალი,
გარდა იმისა, რომ შვილები ჰყოლოდათ ქმრებად.
როგორც კი ერთმა დედამ ზურგზე თოკით მიიკრა
ახალშობილი, მაშინვე კაცად გადაიქცა.
სიმაღლით ისევ ბავშვი იყო,
თუმცა უხეში წვერი ჰქონდა და აზრიანი, დიდი თვალები.
ქალი ყოველთვის თან ატარებდა, -
ნაკადულშიც კი, სადაც წყალი მის კოჭს წვდებოდა
და თავისუფლად ასველებდა ბავშვის საზარდულს.
იძულებული იყო ხოლმე ხელში სჭეროდა სათამაშო თვითმფრინავივით,
სანამ პატარა მინდორზე ფსამდა.
ზურგი არასდროს ეღლებოდა,
მიუხედავად იმისა, რომ თან მიათრევდა თავისი შვილის ისრების კონას.
პატარა ქმარი შესანიშნავი მონადირე ყოფილა თურმე,
შეეძლო ჩუმად მიპარვოდა მძინარე ირემს.
რადგან ასეთი მსუბუქი იყო, ნაფეხურებსაც არ ტოვებდა ფხვიერ მიწაზე.
დედას კი ხშირად ენატრებოდა ჩვეულებრივი სიყვარული.
პატარა ქმარი მასზე ისე ცოცავდა ხოლმე,
გეგონებოდათ, ვეება ძუძუ ყოფილიყო მისი სხეული.

No comments:

Post a Comment