Tuesday, November 30, 2010

სტიგმა, ტვირთი და ბედნიერება

როგორ (ვერ) უვლიან ახალგაზრდა მარტოხელა დედები შვილებს



ნატო უკვე ოთხი წელია, რაც 6 წლის შვილთან ერთად მარტო ცხოვრობს. ბოლო წლების მანძილზე დედას მხოლოდ ორჯერ ელაპარაკა ტელეფონით – პირველად ორი წლის წინ, როცა მამა გარდაეცვალა, მეორედ ინტერვიუმდე ერთი თვით ადრე. მას სახლში დარეკვის უფლება არ აქვს, რადგანაც მარტოხელა დედაა.

თავიდან ყველაფერი ისევე ჩვეულებრივად და რომანტიკულად დაიწყო, როგორც სასიყვარულო თავგადასავლები იწყება ხოლმე 19 წლის გოგონებისთვის. აბორტის გაკეთებაზე ნატოც ბევრს ფიქრობდა, მითუმეტეს მაშინ, როდესაც მარტო დარჩა. როგორც თავად ამბობს, ახლაც არ იცის როგორ იპოვა საკუთარ თავში ამხელა ძალა, თუმცა ვერაფრით წარმოედგინა, რომ მშობლები მასზე საბოლოოდ უარს იტყოდნენ.

“დღემდე ვეკითხები ჩემ თავს, რა უნდა გამიკეთოს შვილმა, რომ სახლიდან გავაგდო?!” – ამბობს ნატო. “იმ პერიოდის გახსენებაც არ მინდა. სახლიდან რომ გამომაგდეს ჯერ მეგობართან ვცხოვრობდი, მერე ფერიცვალების მონასტერში. მუშაობა რომ დავიწყე სახლი ვიქირავე და ბავშვსაც არაფერს ვაკლებ. მინდა ბედნიერი იყოს და არ მინდა, რომ ვინმე ისე მოექცეს, როგორც მე მომექცნენ.”

ნატო თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში მეორადი ტანსაცმლის მაღაზიაში მუშაობს. მისი თვიური შემოსავალი დაახლოებით 400 ლარს შეადგენს. სახელმწიფოსგან არავითარ დახმარებას არ იღებს, ახლობლებისგან მითუმეტეს. ბავშვს სრულიად მარტო ზრდის და, მიუხედავად ყველანაირი სირთულისა, გადადგმული ნაბიჯი არასოდეს უნანია. მას კარგად ახსოვს ყოველი შეურაცხმყოფელი სიტყვა, თუმცა უკვე ყურადღებასაც აღარ აქცევს. მთავარია, შვილი გვერდით ჰყავს და, როგორც ფიქრობს, “სხვა დანარჩენი მეასეხარისხოვანია.”

მარტოხელა დედების მიმართ დამკვიდრებულ სტერეოტიპებს ქართულ საზოგადოებაში ფესვები ღრმად აქვს გადგმული. ნეგატიური სტერეოტიპები თითქმის ყოველთვის წარმოშობს სტიგმას, რაც ამძაფრებს საზოგადოების უარყოფით განწყობას ასეთი ქალებისა და მათი შვილების მიმართ, შემდგომში კი საზოგადოების ამგვარი მიდგომა თავისებურ კვალს ტოვებს ბავშვის სოციალიზაციის პროცესზე. ასეთ გარემოში გაზრდილი ბავშვის ქცევა და ფსიქოლოგიური მდგომარეობა შესაძლოა განაპირობოს თავად დედის განწყობამაც. მრავალი ფსიქოლოგის აზრით, მარტოხელა დედები ხშირად ყოფით პრობლემებში შვილებს ადანაშაულებენ, რაც იწვევს უთანხმოებებსა და, აგრეთვე, ძალადობის ფაქტებს ოჯახში. მსგავსი მოვლენები კი არასრულწლოვანის ფსიქიკაზე სარკისებურად აისახება.

ბავშვთა ფსიქოთერაპევტი ნანა ჯიბღაშვილი რამდენიმე წელია, რაც რისკის ქვეშ მყოფ ბავშვებთან მუშაობს. მათ კატეგორიას ზოგ შემთხვევაში მარტოხელა დედების შვილებიც მიეკუთვნებიან.

“მშობლის ქცევამ შესაძლოა განაპირობოს ბავშვის დევიანტური ქმედება. თუმცა სანამ ბავშვზე საუბარს დავიწყებთ, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ დედის განწყობა მის მიმართ, ვინაიდან მარტოხელა დედას, მითუმეტეს ახალგაზრდას და, მითუმეტეს ოჯახისგან უარყოფილს, ყოველთვის აქვს დანაკლისის განცდა, გამომწვევ მიზეზად კი შვილი მოიაზრება. სწორედ ასეთ ბავშვებს ახასიათებთ ქცევითი აშლილობები, მაგალითად, როგორიცაა პროტესტის რეაქცია გარშემო მყოფთა მიმართ.” – ამბობს ნანა ჯიბღაშვილი.

საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაციის “ნდობა” დირექტორი და ფსიქოლოგი ნანა აღაპიშვილი მიიჩნევს, რომ ამ ტიპის დედა-შვილის ურთიერთობაში უმნიშვნელოვანესი ფაქტორია დედის განწყობა იმ მოვლენის მიმართ, რომ დედა გახდა. “მარტოხელა დედებისგან ხშირად მსმენია, რომ ეს ბავშვი მათთვის არის ტვირთი. ამის მიზეზი შეიძლება იყოს მატერიალური პრობლემები ან, უფრო ხშირად, დედის ფსიქოლოგიურად კრიზისულ მდგომარეობაში ყოფნა.” – აღნიშნავს იგი.

დედად გახდომის სურვილის გარდა მიზეზი, რის გამოც ქალმა საკუთარი ნებით შეიძლება მოირგოს მარტოხელა დედის სოციალური როლი, რამდენიმეა. 35 წელს გადაცილებულ ქალებში ამის მიზეზს ძირითადად მარტოობის შიში წარმოადგენს. მაგალითად, ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაციის The Royal Society of Medicine ჟურნალმა რამდენიმე წლის წინ გამოაქვეყნა ნაშრომი, სადაც ხაზგასმულია, რომ მარტოხელა დედების უმრავლესობა შვილის გაჩენის მიზეზად მარტო დარჩენის შიშს ასახელებს. როგორც ფსიქოლოგი ნანა აღაპიშვილი აღნიშნავს, საქართველოში ნაყოფის შენარჩუნების მოტივაციად შეიძლება რელიგიური მოსაზრებებიც იქცეს. საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე იგი იხსენებს ისეთ ფაქტებს, როდესაც ძალიან ახალგაზრდა მომავალი დედები, მიუხედავად დაბრკოლებისა ოჯახის მხრიდან, აბორტზე, როგორც მძიმე ცოდვაზე, ამბობენ უარს.

მარიკა, რომელმაც შვილი 17 წლის ასაკში გააჩინა, დღესდღეობით მშობლებთან ერთად ცხოვრობს. მისი შვილი მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლში იზრდება, რომელსაც ექვს თვეში ერთხელ ნახულობს. ოჯახისგან წინააღმდეგობა მასაც ჰქონდა. მოძღვარის რჩევით მშობლებმა ქალიშვილის იძულებით აბორტზე წაყვანა გადაიფიქრეს, თუმცა ერთი პირობით – ბავშვი ნათესავებისა და მეზობლებისგან მოშორებით უნდა გაჩენილიყო და გაზრდილიყო. მარიკამ პირობა შეასრულა.

“როცა საშუალება მექნება ცალკე გადავალ და ჩემთან წავიყვან. ზოგჯერ ვსაყვედურობ დედაჩემს, ყველასთვის გვეთქვა, ვითომ შენ გააჩინე და როგორც ჩემი ძმა ისე გაგვეზარდა-თქო, მაგრამ დედაჩემი ასაკოვანია და ყველა მიხვდებოდა, რომ შვილი ვეღარ გაუჩნდებოდა.” – ამბობს მარიკა.

2010 წლის სექტემბერში ერთ-ერთ ქართულ საიტზე გამოქვეყნდა გამოკითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რას ფიქრობს საზოგადოება მარტოხელა დედებზე. გამოკითხულთა უმრავლესობა ერთ აზრზე დგას – შვილის გაჩენის უფლება მხოლოდ ქორწინებაში მყოფ ქალს უნდა ჰქონდეს. გამოკითხულთა შორის ყველაზე ტოლერანტული დამოკიდებულებით ასეთი ქალების მიმართ 18-დან და 24 წლამდე რესპონდენტები გამოირჩევიან .

ძნელია საქართველოში ახალგაზრდა მარტოხელა დედების რაოდენობაზე საუბარი, ვინაიდან არავითარი სტაიტისტიკა არ არსებობს. თუმცა ერთი რამ ფაქტია, ასაკოვანი მარტოხელა დედა გაცილებით მეტ პატივისცემას იმსახურებს საზოგადოებისგან, ვიდრე ახალგაზრდა, რომელსაც მუდან თან სდევს კრიტიკული საზოგადოებრივი აზრი და სტიგმა.

P.S. მლეთის დედათა მონასტერში რამდენიმე მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს, რომლებიც დედებმა სხვადასხვა მიზეზების გამო დატოვეს. მათ მონაზვნები უვლიან, თუმცა სასულიერო პირები ამ საკითხზე საჯარო საუბარს მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ.

* ერთ-ერთი რესპონდენტის სახელი მისივე მოთხოვნით სტატიაში შეცვლილია.

1 comment:

  1. არ მესმის რატომ არ ეზარებათ ქართველებს სხვის ცხოვრებაში ხელების ფათური და მისი გამწარება, როდესაც რომ კითხო ყველას უამრავი პრობლემა აქვს :(((

    ReplyDelete