Tuesday, September 14, 2010

რელიგიური გადაცემის ნაციონალისტური ფორმატი


რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, 2010 წელს ქართული საზოგადოებისთვის ერთ-ერთ აქტუალურ თემად რელიგია იქცა. შეიძლება ითქვას, რომ დღეს, როგორც ვირტუალურ სივრცეში, ასევე ბეჭდვით მედიაში, მას გამორჩეულად დიდი ყურადღება ეთმობა. თუმცა ნათლად შეინიშნება რამდენიმე ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული ტენდენცია. ზოგჯერ ჟურნალის სახელწოდებაც კი საკმარისია, აპრიორი მიხვდე, თუ რა კუთხით იქნება გაშუქებული ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ან ცალკეულ პირებთან დაკავშირებული ესათუის მოვლენა. ჯერ კიდევ გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში ამერიკელი მედიაექსპერტი და სოციოლოგი რიჩარდ ჰარისი მიიჩნევდა, რომ რელიგიური ლიტერატურა, ისევე როგორც რელიგიური თემატიკის ჟურნალები ძირითადად არაპრესტიჟულ მაღაზიათა ქსელში იყიდება, თუმცა იმასაც აღნიშნავდა, რომ რელიგიური შოუები მრავალმილიონიანი ბიზნესია, რადგან იგი უამრავ მაყურებელს „აიძულებს" ტელევიზორის წინ მოთავსდეს კოკა-კოლის ან ლუდის ბოთლით ხელში და თავად გახდეს ე.წ. ტელეევანგელიზმის მონაწილე.

დღესდღეობით ქართულ ტელესივრცეში დაახლოებით ათამდე რელიგიური გადაცემაა და ყველა მათგანი მხოლოდ საპატრიარქოს ტელეარხზე „ერთსულოვნება" გადის. მსგავსი ხასიათის ყოველდღიური გადაცემა „საუბრები სტუდიაში" თავისი ფორმატით დებატებს წარმოადგენს. გადაცემის თემა უმეტესწილად რელიგიურ, სოციალურ და განათლების საკითხებს მოიცავს; რესპონდენტებიც საგანგებოდ არის შერჩეული. განსხვავებული აზრი იშვიათად თუ გაიჟღერს სტუდიაში. ამავე არხზე გადის ისეთი გადაცემები, როგორიცაა „დრო და ტრადიციები", „დედაეკლესია", „მოგზაურობა სამშობლოში", „ლექსით ქებათა-ქება". სახელწოდებიდანვე ადვილი მისახვედრია, რომ ყველა ზემოთხსენებული გადაცემა პატრიოტული ხასიათისაა, მიზანი კი ეროვნული ღირებულებების გადარჩენა, თუ შენარჩუნებაა.

მსგავსი გადაცემები საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის ეთნოცენტრულ ხასიათს იძენს და ხშირად კრიტიკის საგანი ხდება. ლოგიკურია გაჩნდეს კითხვა, თუ რას ემსახურება გადაცემა, რომელიც, ფაქტობრივად, ნაციონალისტური იდეების პროპაგანდას ეწევა; ან რა მიზანი აქვს დებატებს, როდესაც ორივე მხარეს „სადაო" საკითხებთან დაკავშირებით თითქმის იდენტური შეხედულებები გააჩნია.

მაგალითად, ახლო წარსულში გადაცემის ‘საუბრები სტუდიაში" წამყვანს, დეკანოზ გიორგი ყიფშიძეს, ორი სტუმარი ჰყავდა მოწვეული, რომლებიც რამდენიმე წუთის განმავლობაში მსჯელობდნენ იმაზე, რომ ქართველობა და მართლმადიდებლობა ერთმანეთის სინონიმებს წარმოადგენს, მაშინ როცა საქართველოს გარდა მსოფლიოში არაერთი მართლმადიდებლური ქვეყანა არსებობს. მოსახლეობითა და ფართობით კი მათი უმეტესობა საქართველოზე დიდია.

ნაციონალიზმი, რომელიც ყოველდღე ნათლად ვლინდება „ერთსულოვნების" რელიგიურ გადაცემებში, წმინდა ქართული მოვლენა უფროა, ვიდრე მართლმადიდებლური.


დავუბრუნდეთ კვლავ რელიგიურ შოუებს, რომლის წამყვანი ყველაზე მეტად ილუზიონისტს ჰგავს. იგი მილიონობით მაყურებლის წინაშე ქადაგებს ან, უფრო მეტიც, თამამად ატარებს ეგზორციზმის რიტუალს. ბიბლია მისი ჯადოსნური ჯოხია ან ქუდი, საიდანაც თეთრი კურდღელი შეიძლება ამოხტეს, ალილუია კი „აბრაკადაბრა". ასეთი ტიპის შოუ, რომელიც წმინდა ამერიკული ფენომენია და დასავლეთ ევროპაში გაცილებით ნაკლები პოპულარობით სარგებლობს, პირველად 1957 წელს გამოჩნდა შტატების ტელესივრცეში. გირლიანდებით განათებული უზარმაზარი ჯვარი, ქრისტეს გამოსახულება, ასამდე ელექრტო სანთელი და ტელეწამყვანი პასტორის როლში - ეს ყველაფერი ქრისტიანული შოუების შემადგენელი ელემენტებია. სინამდვილეში რას ემსახურება იგი - რელიგიური შოუ, როგორც მორწმუნე საზოგადოებაზე ზემოქმედების საშუალება თუ პირიქით, რელიგია, როგორც მასაზე გათვლილი, იაფფასიანი გადაცემის ნაწილი? ჩემი ღრმა რწმენით, მიზანი დაახლოებით იგივეა, რაც ლათინურ ამერიკული სერიალების ჰეგემონიისა მსოფლიო ბაზარზე. ვინაიდან მსგავს შოუს არავითარი კავშირი არ აქვს რელიგიასთან, მისი დანიშნულება მხოლოდ „სასოწარკვეთილი" მასის გართობაა. დღეს რელიგიური შოუები განსაკუთრებით მაღალრეიტინგულია ლათინურ ამერიკის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა გვატემალა, ბოლივია, პერუ და ვენესუელა.

ცხადია, ამგვარი სანახაობის მოწყობა საქართველოში ისეთივე რეალურია, როგორც მზის სისტემის რომელიმე პლანეტაზე საზღვაო ტურიზმის განვითარება. მიზეზი მარტივია. ფაქტობრივად, ამგვარი შოუები არც კათოლიკური მოვლენაა და არც მართლმადიდებლური. თავისი არსით იგი "ქრისტიანული" სექტების პროპაგანდას ეწევა. აქედან გამომდინარე ქართული მართლმადიდებლური ეკლესია მსგავსი შოუს კატეგორიულად წინააღმდეგი იქნება. სამაგიეროდ, ქართულ ტელესივრცეში ყოველდღე თუ არა, დღეგამოშვებით მაინც შეიძლება მოჰკრათ ყური ქართველების, როგორც ღმერთის რჩეული ერის ქებათა-ქებას.

რაც შეეხება შემეცნებითი ხასიათის რელიგიურ გადაცემებს, ქართული ტელესივრცე მათ დეფიციტს აშკარად განიცდის, თუ არ ჩავთვლით „წმინდა წერილსა" და „წმინდანთა ცხოვრებას" საპატრიარქოს არხზე. თუმცა ამგვარი გადაცემები ისტორიულ გადაცემათა ციკლს უფრო მიეკუთვნება, ვიდრე რელიგიურს და მთავარი ფუნქცია მაყურებლის სწორად ინფორმირებაა ამათუიმ რელიგიურ და დოგმატურ საკითხთან დაკავშირებით. ვინაიდან ქართული საზოგადოების გარკვეული ნაწილი, თუნდაც, მცირე თეოლოგიური განათლების ნაკლებობით ხასიათდება, არ არის გასაკვირი, რომ ყველაფერი არაქართული მათთვის ეროვნული ფასეულობების უარყოფის სინონიმად მოიაზრებოდეს. განათლების დაბალი დონე პირველი და უმთავრესი ნაბიჯია, გადადგმული როგორც შოვინიზმისკენ, ასევე რელიგიური ფანატიზმისკენ. დღესდღეობით კი ქართული საზოგადოება ამ საფრთხის წინაშე აშკარად დგას.

No comments:

Post a Comment