Saturday, March 17, 2012

დუჰამელის ცრურწმენები და შემთხვევითი ინსპირაცია

“ის, რაც სხვანაირად არ გამოითქმის, ლექსებად იწერება.”

2007 წელს ჰონგ კონგში მილტონ კესლერის სახელობის რიგით მეექვსე საერთაშორისო პოეზიის ფესტივალზე პრემია საუკეთესო პოეტური კრებულისთვის დენის დუჰამელს გადაეცა. ამერიკელმა პოეტმა თავისი ბოლო კრებული “Two And Two” დაჯილდოებამდე წელიწადნახევრით ადრე გამოსცა. კრებულში შესული ლექსების დაწერა 2001 წლის 11 სექტემბერს გადაწყვიტა, როცა ტელევიზორში ტყუპების ნანგრევებს მოჰკრა თვალი. “ეს იყო ახალი წარღვნა” – იხსენებს დუჰამელი.

კრებული “Two And Two”, პოეტის აზრით, აპოკალიფსურ ნაწარმოებებს აერთიანებს. მისი ლექსების პროტაგონისტებს ბიბლიური პერსონაჟები ქმნიან. კრებულში პირველივე ლექსი ნოეს კიდობნის ისტორიის ახალ ვერსიას უამბობს მკითხველს, ბოლო 11 სექტემბრის ტრაგედიას ასახავს.

დენის დუჰამელმა თანამედროვე ამერიკულ პოეზიაში ადგილი 90-იან წლებში დაიმკვიდრა. მისი ათივე კრებული ერთმანეთისგან თემატურად რადიკალურად განსხვავებულია, თუმცა ერთი რამ ყოველთვის საერთო აქვთ – გროტა. ეროტიკას და მისტიკას მის პოეზიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. დუჰამელი ძალიან ბევრს წერს. როგორც თავად განმარტავს, ეს ერთგვარი ვარჯიშია. შთაგონებას ყველაფრიდან იღებს. ყოველდღიურობის ერთფეროვნებიდანაც შეუძლია შექმნას ლექსები და შემდგომ კრებული გამოსცეს. მკითხველიც არ დააყოვნებს და წიგნის მაღაზიებში არც ერთ ეგზემპლარს აღარ დატოვებს.

“მე დღეს არ მეგულება პოეტი, რომელიც ადამიანურ ტკივილებს ასე განსხვავებულად შეიგრძნობს და ხედავს.” – წერს ამერიკელი მწერალი ედვარდ ფილდი დუჰამელის შემოქმედებაზე.

1990 წლის გაზაფხულზე ფლორიდის ერთ-ერთ კაფეში დენის დუჰამელი მეგობრებთან ერთად “მის ამერიკა 90”-ს უყურებდა. “ბარბები – ლამაზები და სულელები” გაიფიქრა მონაწილეებზე. სულელი ადამიანები და ლამაზი თოჯინები ბავშვობიდან არ უყვარდა, ბარბიც არასოდეს ჰქონია. ან რა ესაქმებოდა ქერათმიან თოჯინას მის ოთახში, სადაც ხის პატარა ზარდახშები, ნიღბები, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი სუვენირები, ქოლგები, ჯუჯები, მწუხარების ერთი ციდა თოჯინები (Worry dolls), ფურცლები და ასობით წიგნი ინახებოდა?!

დუჰამელმა ლექსი ბარბიზე თავიდან საცდელად დაწერა, მერე პროცესმა ისე ჩაითრია, რომ თავის დანებება ვეღარ შეძლო და 1997 წელს სატირული ხასიათის პოეტური კრებული “Kinky”” გამოსცა, რომელიც ბარბის შესახებ დაწერილ ეროტიკულ-ირონიულ ლექსებს აერთიანებს. “Kinky” თანამედროვე ამერიკულ პოეზიაში დღემდე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და გაყიდვად კრებულად მიიჩნევა. დენისის ბარბი სულაც არ ჰგავს პატარა გოგოს ოთახში მცხოვრებ ქერათმიან თოჯინას. იგი რეალურია, სასაცილო და მრავალფეროვანი – ბუდისტი ბარბი, ბიტნიკი ბარბი, ჰერმოფროდიტი ბარბი, ბარბი თმას იჭრის, ბარბის ანორგაზმია სტანჯავს, სამზარეულოს სკამზე მიბმული ბარბი, ბარბი ბერდება... ასეთია დუჰამელის ბარბი. ასეთია დუჰამელის პოეზია – სარკასტული, ეროტიკული, ალეგორიული და გროტესკული.


“Kinky” პოეტის რიგით მეოთხე კრებულია. პირველი წიგნის პრეზენტაცია დღემდე კარგად ახსოვს, როცა 24 წლის თავდაჯერებული გოგო, თვითონაც არ იცოდა რას, მაგრამ რაღაც უჩვეულოს ელოდა. მაშინ არც არაფერი მომხდარა. კრიტიკოსები დუმდნენ. მაშინდელ იმედგაცრუებაზე ახლა მხიარულად საუბრობს, მაგრამ დეპრესია მწარედ აგონდება.

“ეს იყო ყველაზე აუტანელი სიჩუმე ჩემ ცხოვრებაში.” – ამბობს დუჰამელი.

მოგვიანებით მიხვდა, რომ მთავარი არ არის გამოჩენილი ლიტერატორები როგორ შეგაფასებენ, მთავარი მკითხველია. თუმცა დროთა განმავლობაში თავად იქცა ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ლიტერატორად ამერიკაში, რომელიც ფლორიდის უნივერსიტეტში ახალგაზრდა მწერლებს თანამედროვე ანგლო-ამერიკულ ლიტერატურასა და მხატვრულ წერას ასწავლის. ლექტორი დენისი მეგობრული და მომთხოვნია. ნიჭიერი და თავისუფალი ადამიანები განსაკუთრებით უყვარს; არ უყვარს ფარისევლები, სნობები და სულელები.

დენის დუჰამელი თანამედროვე ამერიკულ პოეზიას სამი სიტყვით ახასიათებს: “მრავალფეროვანი, ცოცხალი, არაკომერციული”, პოეზიას კი ერთი წინადადებით: “ის, რაც სხვანაირად არ გამოითქმის, ლექსებად იწერება.” ის, რასაც დენის დუჰამელი პოეზიაში ყველაზე მეტად აფასებს, არაკომერციულობაა. რაც არაკომერციულია, ის ჭეშმარიტია, ამბობს ამერიკელი პოეტი. თავად ლექსების წერა 7 წლიდან დაიწყო. კათოლიკურ ოჯახში მკაცრად აღზრდილი მორცხვი გოგონა წმინდანებს ოდებს უძღვნიდა. წმინდანებზე ახლაც ბევრს ფიქრობს, მაგრამ მის პოეზიაში მათ სახე იცვალეს: ყოველი სიყვარულზე დაწერილი ლექსი ნაწილობრივ წმინდანის ცხოვრებასაც მოიცავს, ფიქრობს პოეტი. ლექსის წერისას თვითონაც გარდაიქმნება. პოეტი დენისი განსხვავდება რეალურისგან – იგი უფრო თამამია, გულწრფელი და ძლიერი, ისეთივე ძლიერი, როგორც ესკიმოსი ქალები, რომელთაც მოჩვენებებისა და ღვთაებების სიყვარულსაც არ ერიდებიან.

ესკიმოსურ მითოსს დენისმა შემთხვევით მიაგნო. ერთ-ერთ კრებულზე მუშაობისას (“How the Sky Fell”), რომელიც მის საყვარელ ზღაპრებზე შექმნილი ლექსების ციკლს წარმოადგენს, დენისს ხელში ჩაუვარდა წიგნი “ზღაპრები მსოფლიოს გარშემო.” მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ჩრდილოეთის ხალხთა ზღაპრებს გაეცნო.

“იქაური ქალები ძლიერები და ზებუნებრივები არიან, არავის გვანან, მითუმეტეს ამერიკელებს.” – აღნიშნავს იგი. პოეტის ტვინში მალევე გაჩნდა ახალი წიგნის დაწერის სურვილი, რომელიც ჩრდილოეთის საოცარ მითებს პოეზიად აქცევდა.

კრებული “ქალი ორი საშოთი” 1997 წელს გამოვიდა, რისთვისაც დენისმა მოგვიანებით კრებ ორქარდის ლიტერატურული პრემია მიიღო.

ქალი ორი საშოთი

ქალი, რომელსაც ორი საშო ჰქონდა, ყველანაირად ცდილობდა,
რომ მეუღლისგან დაემალა თავისი ნაკლი. უძნელდებოდა,
რადგანაც მისი ორივე საშო ნაცვლად ჩვეული ადგილისა,

ხელისგულებზე მდებარეობდა. თავისი ქმრის განსაცვიფრებლად,
ძუძუსთავებით ეხებოდა ხოლმე ასოზე,
ხან კი უკნიდან აცდუნებდა.

ქალი შორიდან ჩამოსულა. იმ ადგილებზე, როგორც წესი,
არ საუბრობდა. ქმარს კი ეგონა, იქ მიიღო
გასაოცარი სიყვარულის ამგვარი ცოდნა.

გახარებული ყოფილა კაცი, სანამ ნახავდა,
როგორ წვეთავდა ცოლის შარდი მის თითებშორის,
თითქოს დაღვრილი წყლის დაჭერას ცდილობდა პეშვით.

ნეტა არასდროს გაეგონა ის, რაც გაიგო,
რომ მისი ცოლი - ახალგაზრდა, მაცდური ცოლი, სული ყოფილა.
განცდებისათვის დრო აღარ იყო...

თოვლის ქოხმახში მარტოობა შეაქვთ აჩრდილებს.
და ამიტომაც კაიაკში დააბა ქალი და მოდრეიფე ყინულზე შესვა,
რომ მის სამყოფელს სამუდამოდ მოშორებოდა.

სთხოვა, დაბრუნდი, სადაც მკვდრების სამყოფელია.
მაგრამ საბრალო მისი ცოლი, მკრთალი ჩრდილივით რომ ფართხალებდა,
ვეღარც ხმელეთზე ბრუნდებოდა, ვეღარც იმქვეყნად.

ვიღაცას უთქვამს, სანაპიროზე დღემდე ისმის მისი ტირილი:
“ვერ დამიბრუნებს ჩემი ქმარი, ვერ დამიბრუნებს!”
თუმცა ვერ ხვდება, თუ რა ძლიერ ნატრულობს ისიც

მის ტყუპ საშოებს და როგორ ცდილობს დაუმალოს
თავის ახალ ცოლს, რადგან სოფელი პატარაა და
ქარიშხალში ყველა ჭორი სწრაფად ვრცელდება.

ასე ამბობენ, თითქოს ახალ ცოლს აიძულებს სახეში ურტყას,
რომ მისი თბილი თითებიდან თრთოლვა შეიგრძნოს.
და მერე მოსთქვამს მის უნაყოფო ხელისგულებში სახეჩარგული.

თავად დენისს სჯერა, რომ მოჩვნებები არსებობენ. ცოტა ცრუმორწმუნეცაა. სჯერა სიზმრების, ტელეპატიის, ტელეკინესის, ჰოროსკოპის და მკითხაობის ტაროს კარტზე. თავისი მწუხარების თოჯინებისაც სწამს, რამდენიმე წლის წინ ლათინურ ამერიკიდან რომ ჩამოიტანა. როცა იწყენს, ნეკისოდენა ნაქსოვ კაცუნებს თავის დარდს ჩასჩურჩულებს და უკეთ ხდება. დარდი თოჯინებს გადაედებათ. ვუდუს ჰგავსო, ოღონდ პირიქით, ზიანს თოჯინებს აყენებ შენი წუწუნით, აღნიშნავს პოეტი.

დენის დუჰამელი პირად ცხოვრებაზე იშვიათად ლაპარაკობს. მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ მთელი ცხოვრება შეყვარებულია. სიყვარული მისთვის უმაღლესი ჯილდოა, რაც კი ოდესმე მიუღია. პოეზია კი სიყვარულის ენაა, რომელზეც არავინ საუბრობს, მაგრამ ყველას ესმის.


"ტაბულა Art" 2011

Saturday, July 30, 2011

უნდობლობის აუტანელი სიმსუბუქე


ამ ბოლო დროს უცნაური ინტერესი გამიჩნდა. მინდა სათითაოდ შევეკითხო ყველა ჩემ მეგობარს, ნაცნობებსა და უცხო ადამიანებს როგორ ენდობიან ერთმანეთს პოსტინდუსტრიულ ეპოქაში, როცა მარტოობა მეგაპოლისების უმთავრეს სტიქიად იქცა.

2010 წლის ნოემბერში კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ ჩატარებული კვლევიდან ირკვევა, რომ საქართველოს მოქალაქეებს რამდენიმე ნდობის ობიექტი ჰყავს. ყველაზე მეტად ისინი თავიანთ რელიგიურ ლიდერსა და ეკლესიას ენდობიან, რაც მოსახლეობის 56%-ს შეადგენს. საზოგადოების ნდობით მეტ-ნაკლებად სარგებლობენ ექიმები და მასწავლებლები. 2089 გამოკითხულთა 39% აცხადებს, რომ ექიმების მიმართ ნდობა აქვს, ხოლო 22% მათ სრულ ნდობას უცხადებს. ნდობის 44% ერგო მასწავლებლებს.

თუკი სოციალური როლებისადმი ნდობის ფაქტორს ამ კვლევის მიხედვით ერთმანეთს შევადარებთ, შეიძლება ითქვას, რომ ქართველი ჟურნალისტები ნაკლები „ქარიზმით“ სარგებლობენ. საქართველოში ჟურნალისტებს სრულად მხოლოდ 12% ენდობა, რომელთაც კიდევ უფრო ნაკლები ნდობა აქვთ სახელმწიფოს მიმართ. როგორც ირკვევა გამოკითხულთა მხოლოდ 6% მიიჩნევს, რომ ხელისუფლება თავიანთ მოქალაქეებს სამართლიანად ექცევა.

დავუბრუნდეთ კვლავ ჟურნალისტებს. ქართველებს ალბათ „თეთრი შურით“ უნდა შურდეთ ამერიკელი ჟურნალისტების. 2008 წელს აშშ-ს ჩრდილოეთ შტატებში ჩატარებული ინტერნეტ გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ მედიას გამოკითხულთა 75% ენდობა, მათზე წინ ნდობის იერარქიულ კიბეზე კი ახლო მეგობრები და ნათესავები დგანან. ანუ, ფაქტობრივად, ვესტერნიზებულ საზოგადოებაში ჟურნალისტები „ნდობის ტრიადის“ საპატიო ადგილს იკავებენ. მედიისადმი უნდობლობის გამომწვევ მიზეზებზე საუბარი შორს წაგვიყვანს, ამიტომაც, ვინაიდან დრო 21-ე საუკუნეში ჩამარხული განძივით ძვირფასია, თავს შევიკავებ ან მომავლისთვის გადავდებ, როცა მეტი გამბედაობა და დრო მექნება. თუმცა არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩემი სინანული ამ ფაქტის მიმართ, ვინაიდან ჟურნალისტი საზოგადოებისთვის ყველაზე აუცილებელი რესურსის - ინფორმაციის გამავრცელებელია, მას წყალივით სჭირდება საზოგადოების ყურადღება და ნდობა, და პირიქით, საზოგადოებას ჰაერივით ესაჭიროება მედიის თავისუფლება და, საერთოდ, მედიის არსებობა. როცა ნდობა ქრება, წყდება უხილავი კავშირიც ამ ორ ელემენტს შორის.
ერთი სიტყვით, ამ კვლევის მიხედვით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სოციალური ინსტიტუტებისადმი ნდობა ნაკლებია, ვიდრე რელიგიური აღმსარებლობის წარმომადგენელთა მიმართ. პირადად ჩემთვის რომ ეკითხათ, ვენდობი თუ არა ჩემს რელიგიურ ლიდერსა და ეკლესიას, ვუპასუხებდი „არ ვიცი“, ვინაიდან საკუთარ თავთან ვერაფრით გამირკვევია ვენდობი თუ არა მათ. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ვენდობი ღმერთს და ბიბლიაში დაწერილ ყოველ სტრიქონს. მჯერა,რომ ადამიანი მიწაა; მჯერა, რომ სამყარო მხოლოდ ექვს დღეში შეიქმნა, მაგრამ ადამიანებს არ ვენდობი. ალბათ იმიტომ, რომ მეც პოსტინდუსტრიული ეპოქის ვირუსით ვარ ინფიცირებული - მარტოობა კი ურთიერთნდობის ყველაზე დიდი მტერია, რწმენა კი ნუგეშის მთავარი წყარო.

ვინაიდან ადამიანების ნდობას შევეხე, არ შემიძლია არ აღვნიშნო CRRC-ის კვლევის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. თუ ამ გამოკითხვას დავუჯერებთ, გამოკითხულთა 28% ადამიანებს ყოველი ეჭვის გარეშე ენდობა, თითქმის ნახევარს კი უახლოესი მეგობრების იმედი აქვს. პოსტინდუსტრიული ვირუსით, ანუ სიცარიელის განცდით გამოკითხულთა 13% იტანჯება, 8% კი თავს ყველასგან მიტოვებულად გრძნობს . კითხვაზე სჯერათ თუ არა, რომ ავადმყოფობის შემთხვევაში უცხო ადამიანი ანგარებისა და გასამრჯელოს გარეშე იზრუნებს მათზე, დადებითი და უარყოფითი პასუხები თითქმის ერთნაირად გადანაწილდა. 46% აცხადებს, რომ ეს შეუძლებელია, 44%-ს კი კვლავ სწამს კეთილი სამარიტელების არსებობის.

ჩემი აზრით, კვლევაში გამორჩენილია ერთი კითხვა: „გჯერათ თუ არა სიყვარულის“? მე რომ კითხვარი შემედგინა, ამ კითხვას აუცილებლად შევიტანდი და პასუხსაც სულმოუთქმელად დაველოდებოდი. დღეს, როცა მარტოობის ეპოქა დგას, როცა წერილებს წამში ვაგზავნით და წამშივე ვღებულობთ მტრედის ფეხზე გამობმული წერილისა და ქაღალდის ამბების ნაცვლად, ადამიანებს, წესით, სიყვარულის ახლა უფრო უნდა სჯეროდეთ, ვიდრე ადრე, ვინაიდან იგი ერთადერთია, რაც მარტოობის აუტანელ სიმძიმეს დროებით მაინც გვიმსუბუქებს.

Thursday, May 26, 2011

როლების უეცარი გადანაცვლება


სოფო ჩემი ბავშვობის მეგობარია. ახლაც მახსოვს, მასთან რომ მივდიოდით, დედამისი ეზოში გვხვდებოდა, მერე სახლში შევყავდით და ყოველთვის ტკბილეულს გვახვედრებდა. ახლა სოფო მამასთან, ორ შვილთან და ქმართან ერთად ცხოვრობს იმ ძველ ეზოიან სახლში, მე რომ მიყვარდა, მაგრამ როცა სტუმრად მივდივარ, ეზოში აღარავინ მხვდება. ზარს ვრეკავ და კარს, როგორ წესი, სოფოს უფროსი ქალიშვილი ან მამა მიღებს. დედა 8 წელია საბერძნეთში მომვლელად მუშაობს და ოჯახს არჩენს. სოფოც მუშაობს, რომ ქმარი, მამა და შვილები არჩინოს. იგი ჩემზე სამი წლით უფროსია, მაგრამ მასთან სტუმრობის შემდეგ მგონია, რომ 20-30 წლით უფროს ქალს ვესაუბრე, რომელიც ყოველთვის ძალიან დაღლილია.

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევიდან ირკვევა, რომ საქართველოში კაცმა, როგორც ეკონომიკურმა დონორმა, დიდი ხანია თავისი ფუნქცია დაკარგა. მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხულთა 83% მიიჩნევს, რომ ოჯახს მამაკაცი უნდა არჩენდეს, ირკვევა, რომ ჩვენს საზოგადოებაში განსხვავებული რეალობაა. კითხვაზე, თუ ვინ არის რეალურად ოჯახში შემომტანი, 36% ერგო კაცს, 39% ქალს, დანარჩენი 19% კი თანაბრად ინაწილებს შემომტანის ფუნქციებს, რაც ერთადერთი ნათელი წერტილია ამდენ ციფრებში - სწორი ნაბიჯი ეგალიტარიზმისკენ.

ცხადია, მე სულაც არ ვფიქრობ, რომ ქალის ერთადერთი საქმიანობა მხოლოდ სახლი და შვილების გაზრდაა, პირიქით, ეს ბევრისთვის ფესვგადგმული სტერეოტიპი მდედრობითი სქესის დისკრიმინაცია მგონია. არც იმას ვფიქრობ, რომ თანამედროვე ქალმა ფეხიფეხზე უნდა გადაიდოს ან ლოტოსის პოზაში დაჯდეს, იკითხოს წიგნები, ჟურნალები ან არც იკითხოს, უბრალოდ თქვას რომ კითხულობს, სვას ბევრი ბეილისი ან მარტინი, არ გამორჩეს Fashion Week-ი, არ გამოეპაროს არც ერთი მელოდრამის თუ კომედიის პრემიერა, ყოველდღე იაროს შოპoნგზე და რამდენიმე თვეში ერთხელ პარიზში გადაფრინდეს თავისი საყვარელი ქმრის ხარჯებით. ჩემთის ორივე დეგრადაციის სხვადასხვა ფორმაა. ქალმა უნდა იმუშაოს, უნდა რეალიზდეს თავისი პროფესიით, მაგრამ არ უნდა დაემსგავსოს იმ უჩვეულო ნივთს, რომელსაც პატრონისთვის დიდი მოგების მოტანა შეუძლია. პატრონში ქმარი იგულისხმება, რომელიც ტელევიზორთან წამოწოლილი ელოდება ცოლს, მესიჯს წერს „ლუდი წამომიღე“, „სიგარეტი არ დაგავიწყდეს“, „ტელეფონი ჩამირთე“ და ა.შ. უსაქმურთა სურვილებს რა გამოლევს.

იმ ფაქტზე, რომ ქალმა მუშაობა არა საკუთარი თავის რეალიზებისთვის, არამედ ოჯახის სარჩენად დაიწყო, მიგრაციის ფემინიზაციაც მეტყველებს. ამ უკანასკნელს სოციოლოგი ლელა გაფრინდაშვილი ნაწილობრივ ეგალიტარიზმისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს, თუმცა მის უარყოფით მხარეებზეც საუბრობს.

„ოჯახის წევრებს არ უჩნდებათ კითხვა, სიამოვნებს თუ არა ამ ქალს ასეთ მძიმე პირობებში მუშაობა. მათ არავინ ეუბნება - “ჩამოდი“. დროთა განმავლობაში დედა თუ ცოლი მხოლოდ ოჯახის მარჩენალთან ასოცირდება, სამშობლოში დარჩენილი ქმრები სამსახურს აღარ ეძებენ და ეს თითქოს ბუნებრივი მოვლენაა, ასე განიხილება მათთვის.“ - ამბობს ლელა გაფრინდაშვილი.

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის 2010 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოდან წასული მიგრანტების 65% ქალია. თუმცა მედალის მეორე მხარეს თუ შევხედავთ, უნდა ითქვას, ქალების მასობრივ მიგრაციას ისიც განაპირობებს, რომ დასავლეთის შრომის ბაზარზე ქალი უფრო ადვილად შოულობს სამსახურს, ვიდრე მამაკაცი. ამიტომაცაა, რომ ხშირად ქმარი თავად სთავაზობს ცოლს სამუშაოდ ევროპაში ან ამერიკაში წასვლას, მიუხედავად იმისა, რომ ქართველი კაცის სტერეოტიპული ცნობიერება მდედრობით სქესს ქალად მხოლოდ გაზქურასთან ან საკერავ მანქანასთან მჯდომს აღიქვამს. დავუშვათ, რომ მიგრაციის ფემინიზაცია საქართველოში სწორედ ევროპისა და ამერიკის შრომითმა ბაზარმა განაპირობა. დავუშვათ, რომ ეს ნაბიჯი მართლაც ქალის მიერ დამოუკიდებლად მიღებული გადაწვეტილებაა, მაგრამ რა ვუყოთ იმ, სამშობლოში დარჩენილ, კაცებს, რომელთაც ყოვეთვიურად საშუალოდ 400-500 ევროს უგზავნის ცოლი, თავად კი ერთადერთი რამით კავდება - გართობა. ცხადია, ეს უკანასკნელი არც ღამის კლუბებში სირულს გულისხმობს და არც ბოჰემურ ცხოვრებას. ქართველი კაცების გარკვეული ნაწილისთვის ეზოში ნარდის თამაში, მეგობრებთან ერთად ფეხბურთის ყურება. ტოტალიზატორში თამაში და სახინკლეში სიარული თავისთანად მხიარულებისა და გართობის საუკეთესო და უალტერნატივო საშუალებაა. თუკი რომელიმეს გაუმართლებს და ახალი მეგობარი ქალი გამოუჩნდება, ეს მათ თავდაჯერებას კიდევ უფრო ამყარებს. ალბათ დანაშაულის განცდაც ნაკლებად აქვთ ცოლის წინაშე ან თუ საიდანღაც სინდისმა გამოჟონა, წამსვე იტყვიან: „ამდენი ხანია წასულია, მე რა ვიცი იქ რას აკეთებსო.“ მე დიდი იმედი მაქვს, რომ ასეთი კაცები საქართველოში უმრავლესობად არ ითვლებიან და ჩემი ამგვარი ცინიკური დამოკიდებულება მხოლოდ ძალიან ცუდებს ანუ ერთეულებს ეხება.

ოჯახში ეკონომიკური დონორის ფუნქცია რომ კაცმა დაკარგა და ქალმა შეითავსა, ეგ ნამდვილად სამწუხარო ფაქტია, მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნე, მედალს ორი მხარე აქვს. ამის დადებითი მხარე კი ის არის, რომ ქალი, რომელიც ქმარზე მატერიალურად დამოკიდებული არ არის, უფრო ადვილად ახერხებს ოჯახიდან წასვლას, თუ ქმრის გაშვებას, იმ შემთხვევაში, როცა იგი სცემს, ღალატობს ან ამცირებს. ოჯახის დანგრევა და საყვარელი ადამიანის სამუდამოდ წარსულში ჩატოვება ძალიან მტკივნეულია, მაგრამ თუ რემარკს დავუჯერებთ, ადამიანის ცხოვრება ძალიან ხანგძლივია, იმისთვის, რომ მხოლოდ ერთხელ გიყვარდეს.

Tuesday, May 10, 2011

My Prejudice

კლასიზმი თინეიჯერულად



მახსოვს, დაახლოებით 14-15 წლის ვიქნებოდი მკვეთრად გამოხატული სტერეოტიპი რომ ჩამომიყალიბდა გარეუბანში მცხოვრები ადამიანების მიმართ. მაშინ 55-ე სკოლაში ვსწავლობდი და ჩემი ასაკის გოგოებში მსგავსი ნეგატიური განწყობა საკმაოდ გავრცელებული მოვლენა იყო. ჩვენი სკოლა არაფრით გამოირჩეოდა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მასწავლებლების 90% სტალინისტი იყო, საბჭოთა კავშირს შენატროდა და ზოგიერთი მათგანი სიამაყით გვიყვებოდა, რომ მათი მოსწავლეები ერთ დროს კომუნისტური პოლიტელიტის შვილები და შვილიშვილები იყვნენ. ჩვენც, რამდენიმე მათგანი, ვისაც ამ ე.წ. „ პრივილეგირებული კასტის“ შთამომავლები გვერქვა, მეტი სიმპატიით ვსარგებლობდით, ვიდრე სხვები.

ჩვენ კლასში ერთი გოგო სწავლობდა. ახლაც მახსოვს, წითური თმა და ჭორფლები ჰქონდა და პეპის გავდა. ოღონდ მაშინ ლინდგრენის უსაყვარლეს პერსონაჟთან ვერაფრით ვაკავშირებდი. თითქმის არავინ ეკონტაქტებოდა, იმიტომ, რომ დედამისი სკოლაში დამლაგებლად მუშაობდა, თვითონ კი გლდანიდან დადიოდა. დილის რვაზე უკვე საკლასო ოთახთან იდგა ხოლმე, ჩვენ კი, ვინც სკოლასთან ორ ნაბიჯში ვცხოვრობდით, ვაგვიანებდით და მერე ამ გოგოს დავცინოდით, სოფლიდან ადრე ჩამოდის-თქო. ახლა, როცა ამ ყველაფერს ვიხსენებ, ძალიან მრცხვენია და ვფიქრობ, რომ ჩემი თაობის ძირითადი პრობლემა სწორედ ამ სწორხაზოვნებაში მდგომარეობს, რომელიც სამყაროს ორ ნაწილად - თეთრად და შავად, მდიდრებად და ღარიბებად, ბოგანოებად და ელიტად ყოფს და იმის იქით ვერაფერს ამჩნევს.
ერთი სიტყვით, მაშინ ჩემს ლექსიკონში ხშირი იყო ისეთი ცინიკური დეფინიციის მქონე სიტყვები, როგორიცაა „შე გლდანელო“, "შე ვარკეთილელო", „შე გოიმო“, „შე ბოგანო“ და ა.შ. მართალია, პირადად არავისთვის მითქვამს, მაგრამ მე და ჩემი მეგობრები ამ ფრაზებს სხვისი მისამართით ნეგატიურ კონტექსტში ხშირად ვიყენებდით.

ეს არაჯანსაღი დამოკიდებულება სამწუხაროდ უნივერტეტამდე გამყვა. ჯგუფში კლანები გვქონდა, რომელშიც მხოლოდ ცენტრალურ უბნებში მცხოვრები სტუდენტები ვერთიანდებოდით და სხვებს ზევიდან ვუყურებდით. მაშინ ჩემთვის ადამიანის კულტურულობის მთავარი განმსაზღვრელი დეტალები იყო: პირველი - მას ის რამდენიმე წიგნი უნდა ჰქონოდა წაკითხული, რომელიც მე მიყვარდა; მეორე - უნდა ეცხოვრა რომელიმე ცენტრალურ უბანში, მესამე, მეოთხე და მეხუთე ინდივიდუალური ელემენტები იყო, რომელიც ამათუიმ სუბიექტის სტატუსს ჩემ თვალში მაღლა სწევდა.

მერე დრო გავიდა და გავიზარდე. საბედნიეროდ, შემეცვალა გემოვნება და შეხედულებები, უფრო განვვითარდი და მივხვდი, რომ ჩემი კლასისტური შეხედულება ფაშიზმზე გაცილებით სახიფათო და მცდარია. მივხვდი, რომ ადგილმა თუ შეიძლება რაიმე სახის გავლენა მოახდინოს ადამიანზე, ეს მხოლოდ ცუდი კლიმატით შერყეული ჯანმრთელობაა. მივხვდი, რომ მე თუ მამა მეცნიერი მყავს და დედა ექიმი, არაფრით არ აღვემატები მათ, ვისაც მშობლები მუშა, მძღოლი ან დამლაგებელი ჰყავს. ასევე მივხვდი, რომ ნიჭს სოციალური სტატუსი არ გააჩნია და იგი ყველგან ერთნაირად იჩენს თავს, ბევრ რამეს მივხვდი და მერე შემრცხვა ჩემი საქციელის გამო. ბოლოს მივხვდი, რომ ღარიბ ოჯახში, დაბალი სოციალური სტატუსის მქონე მშობლების შილები მეტ წარმატებას აღწევენ, ვიდრე ისინი, ვისაც მე თავის დროზე „კაი ტიპებად“ ვთვლიდი.

ერთი სიტყვით, მივხვდი, რომ ადამიანი შინაგანად კულტურის მატარებელია და თავად ქმნის მას, განურჩევლად სოციალური წარმომავლობისა, სტატუსისა, ადგილმდებარეობისა, რელიგიისა, ეროვნებისა თუ სექსუალური ორიენტაციისა.

პ.ს. ამგვარი ნეგატიური სტერეოტიპები ალბათ ჩემნაირების მიმართაც ექნებათ მათ, ვის მიმართაც მე მქონდა, თუმცა ეს სხვა თემაა და ამგვარ კლასობრივ ბრძოლებზე სხვებმა წერონ.

Friday, December 24, 2010

აფრიკული რიტუალი

კლიტორიდექტომია - მსხვერპლშეწირვა სიამოვნების სანაცვლოდ


2007 წლის გაზაფხულზე National Geographic-ის ფოტოჟურნალისტმა სომალის ერთ-ერთ სოფელში შემზარავი რიტუალის ამსახველი კადრები გადაიღო, როდესაც 12-13 წლის გოგონას ორი ქალი კლიტორიდექტომიას ანუ კლიტორის ამპუტაციას უტარებდა.

აფრიკის გარკვეული ტომებისთვის ამ რიტუალს საკრალური დატვირთვა აქვს. სისხლი, რომელიც მიწაზე იღვრება, ზვარაკია გარდაცვლილთა სულებისთვის, რის სანაცვლოდაც ნიადაგი უფრო ნაყოფიერი ხდება. სინამდვილეში აღნიშნული რიტუალი არაფერია, გარდა მოზარდი გოგონების წამებისა, რასაც ხშირად უარყოფითი შედეგი ახლავს, რადგანაც ძალიან დიდია ინფექციის შეჭრის საფრთხე. მაგალითად, მასაის ტომში მსგავსი რიტუალის დროს ექიმბაში „პაციენტს“ სხვადასხვა მცენარეებით მკურნალობს, რომელიც ამ უკანასკნელს ინფექციის შეჭრისგან იცავს, მაგრამ მანდის, აკამბასა და სხვა აფრიკული ტომის შამანებს სწამთ, რომ ჭრილობა თავისით უნდა შეხორცდეს, ამიტომაც კლიტორიდექტომიის დროს ყოველი მეათე აფრიკელი გოგო (2006 წლის მონაცემებით) ინფექციის შეჭრის შედეგად იღუპება.

ზოგადად აფრიკულ კულტურაში ქალისა და მამაკაცის სასქესო ორგანოები ადამიანის ასაკის განმსაზღვრელია, ამიტომაც მრავალი ანთროპოლოგის აზრით, კლიტორის ამპუტაციას მისტიკური რიტუალის გარდა სხვა დატვირთვაც აქვს - იგი აფრიკელ გოგონებს ხელს უწყობს გახდნენ ქალები, რის შემდეგაც მათ გათხოვებისა და შვილის გაჩენის უფლება ენიჭებათ. თუმცა ადვილი მისახვედრია, რომ მათი სექსუალური ცხოვრება და შეგრძნებები რადიკალურად განსხვდება დასავლურ სამყაროში დაბადებული ქალების შეგრძნებებისგან. კლიტორიდექტომიის განსაზღვრული დრო არ არსებობს, იგი ყველასთვის ინდივიდუალურია, თუმცა ერთი რამ ცხადია, აღნიშნული ოპერაცია მოზარდს მენსტრუალური ციკლის დაწყებიდან მეორე ან მესამე დღესვე უტარდება. აკამბას ტომში ამ ცერომონიალს გარდა საკრალური მნიშვნელობისა, სხვა დეფინიციაც გააჩნია. ვინაიდან სასქესო ორგანო სიცოცხლის სიმბოლოდ მიიჩნევა, მისი ამპუტაცია ახალ ფაზაში გადასვლის მცდელობაა, სწორედ ამიტომ ამ ოპერაციას მხოლოდ ხანდაზმული ქალები აკეთებენ.

ეს მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია აფრიკულ კულტურაში დღემდე აუცილებელ ცერემონიალად ითვლება. აშკარაა, რომ მსოფლიოში არც ერთი მოვლენა არ არღვევს ქალის უფლებებს ისე, როგორც კლიტორიდექტომია. ვესტერნიზირებულ სამყაროში მცხოვრებ ფემინისტებსაც არაერთხელ გაუპროტესტებიათ, თუმცა უშედეგოდ. აფრიკელები ისევ აგრძელებენ თერთმეტი, თორმეტი და ცამეტი წლის გოგონების სასქესო ორგანოს ამპუტაციას და მათი სისხლის თუ სიამოვნების გარდაცვლილთა სულებისთვის მსხვერპლად შეწირვას.

Thursday, December 23, 2010

Hot Book Industry



შესაძლოა გავიდეს რამდენიმე ათეული წელი და მილიონობით წიგნმა თაროებზე, მუყაოს ყუთებსა და ნებისმიერი ბიბლიოთეკის საცავში ვადაგასული პროდუქტივით დაიწყოს დაობება. გავიდეს რამდენიმე ათეული წელი და უმუშევრობის სტატისტიკურმა მონაცემებმა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადოს, ხოლო ბეჭდურმა მედიამ მთლიანად ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლოს. ასე შეიქმნება ახალი ინტერნეტ ლიტერატურის ინდუსტრია. მსოფლიოს ყველა გამომცემლობა სამუდამოდ შეწყვეტს მუშაობას. დაიხურება სტამბები, ხოლო გამომცემლები მწერლებს მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით დაუკავშირდებიან, რაც, სავარაუდოდ, არაერთი ავტორის ვირტუალური კლონის შექმნას გამოიწვევს. შესაბამისად, მკითხველებს ეყოლებათ არარსებული ლიტერატურული კერპები, ხოლო ნებისმიერი ლიტერატურული ღონისძიება ვირტუალურად შექმნილ ადგილას მოეწყობა და ვირტუალური გამომცემლობის მთავარი რედაქტორიც „გაყიდული“ საქონლით კმაყოფილი დარჩება. ასე გაგრძელდება მომავალშიც, სანამ ფანატიკოსთა ჯგუფი ინტერნეტს ტერაქტს არ მოუწყობს და წამში არ გაანადგურებს ვიტრუალურ ლიტერატურას, ვირტუალურ ადამიანებს, მათ უსიცოცხლო ფოტოებსა და ვირტუალურ სიყვარულს.

რატომღაც ამ ყველაფერზე ჩაკ პალანიკის „მებრძოლთა კლუბი“ გამახსენდა, სადაც მთავარი პერსონაჟი საბანკო სისტემის განადგურებას გადაწყვეტს. აი, ზუსტად ასე, გამოჩნდება ვიღაც შეშლილი, დანარჩენებზე მეტად გაბედული და ყველაფერ ვირტუალურს სამუდამოდ წერტილს დაუსვამს. ახალი სტამბა ემსგავსება მე-20 საუკუნის დასაწყისის სტამბას, მწერლები ნაწარმოებებს ხელით ან საბეჭდ მანქანაზე თითების კაკუნით დაწერენ და ასე გაგრძელდება, სანამ ვიღაც უცნობი, თავიდან არ შექმნის ყველაფერს. და ასე გაგრძელდება დაუსრულებლად.

მე პირადად არ მსურს იმ ეპოქაში ცხოვრება. არ მინდა გაუცხოება მართკუთხედი ფორმის ფურცლების გროვასთან, უფრო სწორად, სიტყვების გროვასთან, რომელიც ფურცლებზე გაცილებით საინტერესოდ გამოიყურება, ვიდრე ინტერნეტში. შესაძლოა ნებისმიერმა თქვენთაგანმა ვერ გაუძლოს ცდუნებას, ინტერესმა წასძლიოს და საკუთარი კლონი შექმნას, რომელიც, შესაძლოა, გაცილებით პოპულარული გახდეს, ვიდრე მისი ორიგინალი და კონკურენციაც კი გაუწიოს. საინტერესოა, რამდენად კონკურენტუნარიანები არიან მწერლები საკუთარ კლონებთან?! ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის იქნება, ლიტერატურულ კლონს ნობელის ან ბუკერის პრემიას თუ გადასცემენ და მისი ორიგინალი გამოგონილი მწერლის ჩრდილში დარჩება, ხოლო ვირტუალურად შექმნილი მწერლის კლონი (რომელსაც აუცილებლად ორიგინალზე უკეთესი გარეგნობა ექნება) შესაძლოა პორნო ფილმშიც გადაიღონ. შეიქმნება ახალი ორგიასტიკური საზოგადოება, რომლის წევრებიც ძირითადად მწერლები და მათი მკითხველები იქნებიან. ამგვარ ურთიერთობას გარკვეულწილად ინცესტის ახალი ფორმა ექნება.

ამ პერიოდში ყველა წიგნი სხვადასხვა ადგილებში განაგრძობს ლპობას და ბოლოს უცნაურ სუნსაც აუშვებს. ოღონდ ეს არ იქნება ხრწნის სუნი, ან ობის, ან რომელიმე გაფუჭებული პროდუქტის. რაღაცნაირი უცხო სუნი ექნება, გამაბრუებელი. მერე ისევ გამოჩნდება ტერორისტული ჯგუფი, რომელიც, თუ საშუალება მოგეცემათ და კითხავთ, აუცილებლად გიპასუხებთ, რომ აქამდე ვირტუალურ სამყაროს მხოლოდ სტოიცისტური სიმაღლიდან ადევნებდა თვალ-ყურს და როგორც იქნა მისი განადგურებისთვის შესაფერისი დრო გამონახა.

როგორც უკვე აღვნიშნე, ეს დაუსრულებელი პროცესია, მოჯადოებული წრე, როდესაც მხოლოდ ორი ალტერნატივა არსებობს. სტამბა იქნება მე-20 საუკუნის დასაწყისში არსებულის მსგავსი, დასაქმდება მილიონობით ადამიანი, მაგრამ ეს სფერო განვითარებასაც ვერ მოასწრებს, რომ კვლავ გამოჩნდება ახალი „რევოლუციონერი“ და ირეალურ სამყაროს შექმნის და ამგვარად ყველა კვლავ ციფრებსა და ქსელებში გადავიხლართებით. საბოლოოდ პროტესტის განცდა აზრს დაკარგავს, რადგანაც ვირტუალურ ლიტერატურას თუ სიყვარულს თუ სექსს თუ ადამიანებს მიჯაჭვული ნეოანთროპები ყველაფერ რეალურს მიივიწყებენ, მათ შორის გამოუსადეგარი ნივთებივით თაროებზე ჩამწკრივებულ წიგნების რიგებს.

Tuesday, November 30, 2010

სტიგმა, ტვირთი და ბედნიერება

როგორ (ვერ) უვლიან ახალგაზრდა მარტოხელა დედები შვილებს



ნატო უკვე ოთხი წელია, რაც 6 წლის შვილთან ერთად მარტო ცხოვრობს. ბოლო წლების მანძილზე დედას მხოლოდ ორჯერ ელაპარაკა ტელეფონით – პირველად ორი წლის წინ, როცა მამა გარდაეცვალა, მეორედ ინტერვიუმდე ერთი თვით ადრე. მას სახლში დარეკვის უფლება არ აქვს, რადგანაც მარტოხელა დედაა.

თავიდან ყველაფერი ისევე ჩვეულებრივად და რომანტიკულად დაიწყო, როგორც სასიყვარულო თავგადასავლები იწყება ხოლმე 19 წლის გოგონებისთვის. აბორტის გაკეთებაზე ნატოც ბევრს ფიქრობდა, მითუმეტეს მაშინ, როდესაც მარტო დარჩა. როგორც თავად ამბობს, ახლაც არ იცის როგორ იპოვა საკუთარ თავში ამხელა ძალა, თუმცა ვერაფრით წარმოედგინა, რომ მშობლები მასზე საბოლოოდ უარს იტყოდნენ.

“დღემდე ვეკითხები ჩემ თავს, რა უნდა გამიკეთოს შვილმა, რომ სახლიდან გავაგდო?!” – ამბობს ნატო. “იმ პერიოდის გახსენებაც არ მინდა. სახლიდან რომ გამომაგდეს ჯერ მეგობართან ვცხოვრობდი, მერე ფერიცვალების მონასტერში. მუშაობა რომ დავიწყე სახლი ვიქირავე და ბავშვსაც არაფერს ვაკლებ. მინდა ბედნიერი იყოს და არ მინდა, რომ ვინმე ისე მოექცეს, როგორც მე მომექცნენ.”

ნატო თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში მეორადი ტანსაცმლის მაღაზიაში მუშაობს. მისი თვიური შემოსავალი დაახლოებით 400 ლარს შეადგენს. სახელმწიფოსგან არავითარ დახმარებას არ იღებს, ახლობლებისგან მითუმეტეს. ბავშვს სრულიად მარტო ზრდის და, მიუხედავად ყველანაირი სირთულისა, გადადგმული ნაბიჯი არასოდეს უნანია. მას კარგად ახსოვს ყოველი შეურაცხმყოფელი სიტყვა, თუმცა უკვე ყურადღებასაც აღარ აქცევს. მთავარია, შვილი გვერდით ჰყავს და, როგორც ფიქრობს, “სხვა დანარჩენი მეასეხარისხოვანია.”

მარტოხელა დედების მიმართ დამკვიდრებულ სტერეოტიპებს ქართულ საზოგადოებაში ფესვები ღრმად აქვს გადგმული. ნეგატიური სტერეოტიპები თითქმის ყოველთვის წარმოშობს სტიგმას, რაც ამძაფრებს საზოგადოების უარყოფით განწყობას ასეთი ქალებისა და მათი შვილების მიმართ, შემდგომში კი საზოგადოების ამგვარი მიდგომა თავისებურ კვალს ტოვებს ბავშვის სოციალიზაციის პროცესზე. ასეთ გარემოში გაზრდილი ბავშვის ქცევა და ფსიქოლოგიური მდგომარეობა შესაძლოა განაპირობოს თავად დედის განწყობამაც. მრავალი ფსიქოლოგის აზრით, მარტოხელა დედები ხშირად ყოფით პრობლემებში შვილებს ადანაშაულებენ, რაც იწვევს უთანხმოებებსა და, აგრეთვე, ძალადობის ფაქტებს ოჯახში. მსგავსი მოვლენები კი არასრულწლოვანის ფსიქიკაზე სარკისებურად აისახება.

ბავშვთა ფსიქოთერაპევტი ნანა ჯიბღაშვილი რამდენიმე წელია, რაც რისკის ქვეშ მყოფ ბავშვებთან მუშაობს. მათ კატეგორიას ზოგ შემთხვევაში მარტოხელა დედების შვილებიც მიეკუთვნებიან.

“მშობლის ქცევამ შესაძლოა განაპირობოს ბავშვის დევიანტური ქმედება. თუმცა სანამ ბავშვზე საუბარს დავიწყებთ, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ დედის განწყობა მის მიმართ, ვინაიდან მარტოხელა დედას, მითუმეტეს ახალგაზრდას და, მითუმეტეს ოჯახისგან უარყოფილს, ყოველთვის აქვს დანაკლისის განცდა, გამომწვევ მიზეზად კი შვილი მოიაზრება. სწორედ ასეთ ბავშვებს ახასიათებთ ქცევითი აშლილობები, მაგალითად, როგორიცაა პროტესტის რეაქცია გარშემო მყოფთა მიმართ.” – ამბობს ნანა ჯიბღაშვილი.

საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაციის “ნდობა” დირექტორი და ფსიქოლოგი ნანა აღაპიშვილი მიიჩნევს, რომ ამ ტიპის დედა-შვილის ურთიერთობაში უმნიშვნელოვანესი ფაქტორია დედის განწყობა იმ მოვლენის მიმართ, რომ დედა გახდა. “მარტოხელა დედებისგან ხშირად მსმენია, რომ ეს ბავშვი მათთვის არის ტვირთი. ამის მიზეზი შეიძლება იყოს მატერიალური პრობლემები ან, უფრო ხშირად, დედის ფსიქოლოგიურად კრიზისულ მდგომარეობაში ყოფნა.” – აღნიშნავს იგი.

დედად გახდომის სურვილის გარდა მიზეზი, რის გამოც ქალმა საკუთარი ნებით შეიძლება მოირგოს მარტოხელა დედის სოციალური როლი, რამდენიმეა. 35 წელს გადაცილებულ ქალებში ამის მიზეზს ძირითადად მარტოობის შიში წარმოადგენს. მაგალითად, ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაციის The Royal Society of Medicine ჟურნალმა რამდენიმე წლის წინ გამოაქვეყნა ნაშრომი, სადაც ხაზგასმულია, რომ მარტოხელა დედების უმრავლესობა შვილის გაჩენის მიზეზად მარტო დარჩენის შიშს ასახელებს. როგორც ფსიქოლოგი ნანა აღაპიშვილი აღნიშნავს, საქართველოში ნაყოფის შენარჩუნების მოტივაციად შეიძლება რელიგიური მოსაზრებებიც იქცეს. საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე იგი იხსენებს ისეთ ფაქტებს, როდესაც ძალიან ახალგაზრდა მომავალი დედები, მიუხედავად დაბრკოლებისა ოჯახის მხრიდან, აბორტზე, როგორც მძიმე ცოდვაზე, ამბობენ უარს.

მარიკა, რომელმაც შვილი 17 წლის ასაკში გააჩინა, დღესდღეობით მშობლებთან ერთად ცხოვრობს. მისი შვილი მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლში იზრდება, რომელსაც ექვს თვეში ერთხელ ნახულობს. ოჯახისგან წინააღმდეგობა მასაც ჰქონდა. მოძღვარის რჩევით მშობლებმა ქალიშვილის იძულებით აბორტზე წაყვანა გადაიფიქრეს, თუმცა ერთი პირობით – ბავშვი ნათესავებისა და მეზობლებისგან მოშორებით უნდა გაჩენილიყო და გაზრდილიყო. მარიკამ პირობა შეასრულა.

“როცა საშუალება მექნება ცალკე გადავალ და ჩემთან წავიყვან. ზოგჯერ ვსაყვედურობ დედაჩემს, ყველასთვის გვეთქვა, ვითომ შენ გააჩინე და როგორც ჩემი ძმა ისე გაგვეზარდა-თქო, მაგრამ დედაჩემი ასაკოვანია და ყველა მიხვდებოდა, რომ შვილი ვეღარ გაუჩნდებოდა.” – ამბობს მარიკა.

2010 წლის სექტემბერში ერთ-ერთ ქართულ საიტზე გამოქვეყნდა გამოკითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რას ფიქრობს საზოგადოება მარტოხელა დედებზე. გამოკითხულთა უმრავლესობა ერთ აზრზე დგას – შვილის გაჩენის უფლება მხოლოდ ქორწინებაში მყოფ ქალს უნდა ჰქონდეს. გამოკითხულთა შორის ყველაზე ტოლერანტული დამოკიდებულებით ასეთი ქალების მიმართ 18-დან და 24 წლამდე რესპონდენტები გამოირჩევიან .

ძნელია საქართველოში ახალგაზრდა მარტოხელა დედების რაოდენობაზე საუბარი, ვინაიდან არავითარი სტაიტისტიკა არ არსებობს. თუმცა ერთი რამ ფაქტია, ასაკოვანი მარტოხელა დედა გაცილებით მეტ პატივისცემას იმსახურებს საზოგადოებისგან, ვიდრე ახალგაზრდა, რომელსაც მუდან თან სდევს კრიტიკული საზოგადოებრივი აზრი და სტიგმა.

P.S. მლეთის დედათა მონასტერში რამდენიმე მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს, რომლებიც დედებმა სხვადასხვა მიზეზების გამო დატოვეს. მათ მონაზვნები უვლიან, თუმცა სასულიერო პირები ამ საკითხზე საჯარო საუბარს მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ.

* ერთ-ერთი რესპონდენტის სახელი მისივე მოთხოვნით სტატიაში შეცვლილია.