Saturday, July 30, 2011

უნდობლობის აუტანელი სიმსუბუქე


ამ ბოლო დროს უცნაური ინტერესი გამიჩნდა. მინდა სათითაოდ შევეკითხო ყველა ჩემ მეგობარს, ნაცნობებსა და უცხო ადამიანებს როგორ ენდობიან ერთმანეთს პოსტინდუსტრიულ ეპოქაში, როცა მარტოობა მეგაპოლისების უმთავრეს სტიქიად იქცა.

2010 წლის ნოემბერში კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ ჩატარებული კვლევიდან ირკვევა, რომ საქართველოს მოქალაქეებს რამდენიმე ნდობის ობიექტი ჰყავს. ყველაზე მეტად ისინი თავიანთ რელიგიურ ლიდერსა და ეკლესიას ენდობიან, რაც მოსახლეობის 56%-ს შეადგენს. საზოგადოების ნდობით მეტ-ნაკლებად სარგებლობენ ექიმები და მასწავლებლები. 2089 გამოკითხულთა 39% აცხადებს, რომ ექიმების მიმართ ნდობა აქვს, ხოლო 22% მათ სრულ ნდობას უცხადებს. ნდობის 44% ერგო მასწავლებლებს.

თუკი სოციალური როლებისადმი ნდობის ფაქტორს ამ კვლევის მიხედვით ერთმანეთს შევადარებთ, შეიძლება ითქვას, რომ ქართველი ჟურნალისტები ნაკლები „ქარიზმით“ სარგებლობენ. საქართველოში ჟურნალისტებს სრულად მხოლოდ 12% ენდობა, რომელთაც კიდევ უფრო ნაკლები ნდობა აქვთ სახელმწიფოს მიმართ. როგორც ირკვევა გამოკითხულთა მხოლოდ 6% მიიჩნევს, რომ ხელისუფლება თავიანთ მოქალაქეებს სამართლიანად ექცევა.

დავუბრუნდეთ კვლავ ჟურნალისტებს. ქართველებს ალბათ „თეთრი შურით“ უნდა შურდეთ ამერიკელი ჟურნალისტების. 2008 წელს აშშ-ს ჩრდილოეთ შტატებში ჩატარებული ინტერნეტ გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ მედიას გამოკითხულთა 75% ენდობა, მათზე წინ ნდობის იერარქიულ კიბეზე კი ახლო მეგობრები და ნათესავები დგანან. ანუ, ფაქტობრივად, ვესტერნიზებულ საზოგადოებაში ჟურნალისტები „ნდობის ტრიადის“ საპატიო ადგილს იკავებენ. მედიისადმი უნდობლობის გამომწვევ მიზეზებზე საუბარი შორს წაგვიყვანს, ამიტომაც, ვინაიდან დრო 21-ე საუკუნეში ჩამარხული განძივით ძვირფასია, თავს შევიკავებ ან მომავლისთვის გადავდებ, როცა მეტი გამბედაობა და დრო მექნება. თუმცა არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩემი სინანული ამ ფაქტის მიმართ, ვინაიდან ჟურნალისტი საზოგადოებისთვის ყველაზე აუცილებელი რესურსის - ინფორმაციის გამავრცელებელია, მას წყალივით სჭირდება საზოგადოების ყურადღება და ნდობა, და პირიქით, საზოგადოებას ჰაერივით ესაჭიროება მედიის თავისუფლება და, საერთოდ, მედიის არსებობა. როცა ნდობა ქრება, წყდება უხილავი კავშირიც ამ ორ ელემენტს შორის.
ერთი სიტყვით, ამ კვლევის მიხედვით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სოციალური ინსტიტუტებისადმი ნდობა ნაკლებია, ვიდრე რელიგიური აღმსარებლობის წარმომადგენელთა მიმართ. პირადად ჩემთვის რომ ეკითხათ, ვენდობი თუ არა ჩემს რელიგიურ ლიდერსა და ეკლესიას, ვუპასუხებდი „არ ვიცი“, ვინაიდან საკუთარ თავთან ვერაფრით გამირკვევია ვენდობი თუ არა მათ. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ვენდობი ღმერთს და ბიბლიაში დაწერილ ყოველ სტრიქონს. მჯერა,რომ ადამიანი მიწაა; მჯერა, რომ სამყარო მხოლოდ ექვს დღეში შეიქმნა, მაგრამ ადამიანებს არ ვენდობი. ალბათ იმიტომ, რომ მეც პოსტინდუსტრიული ეპოქის ვირუსით ვარ ინფიცირებული - მარტოობა კი ურთიერთნდობის ყველაზე დიდი მტერია, რწმენა კი ნუგეშის მთავარი წყარო.

ვინაიდან ადამიანების ნდობას შევეხე, არ შემიძლია არ აღვნიშნო CRRC-ის კვლევის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. თუ ამ გამოკითხვას დავუჯერებთ, გამოკითხულთა 28% ადამიანებს ყოველი ეჭვის გარეშე ენდობა, თითქმის ნახევარს კი უახლოესი მეგობრების იმედი აქვს. პოსტინდუსტრიული ვირუსით, ანუ სიცარიელის განცდით გამოკითხულთა 13% იტანჯება, 8% კი თავს ყველასგან მიტოვებულად გრძნობს . კითხვაზე სჯერათ თუ არა, რომ ავადმყოფობის შემთხვევაში უცხო ადამიანი ანგარებისა და გასამრჯელოს გარეშე იზრუნებს მათზე, დადებითი და უარყოფითი პასუხები თითქმის ერთნაირად გადანაწილდა. 46% აცხადებს, რომ ეს შეუძლებელია, 44%-ს კი კვლავ სწამს კეთილი სამარიტელების არსებობის.

ჩემი აზრით, კვლევაში გამორჩენილია ერთი კითხვა: „გჯერათ თუ არა სიყვარულის“? მე რომ კითხვარი შემედგინა, ამ კითხვას აუცილებლად შევიტანდი და პასუხსაც სულმოუთქმელად დაველოდებოდი. დღეს, როცა მარტოობის ეპოქა დგას, როცა წერილებს წამში ვაგზავნით და წამშივე ვღებულობთ მტრედის ფეხზე გამობმული წერილისა და ქაღალდის ამბების ნაცვლად, ადამიანებს, წესით, სიყვარულის ახლა უფრო უნდა სჯეროდეთ, ვიდრე ადრე, ვინაიდან იგი ერთადერთია, რაც მარტოობის აუტანელ სიმძიმეს დროებით მაინც გვიმსუბუქებს.