Tuesday, October 19, 2010
თბილისობის ვაკხანალია
1979 წლის 28 ოქტომბერი. თბილისი - საქართველოს სსრ-ს დედაქალაქი.
ცენტრალური კომიტეტის იმდროინდელმა მდივანმა ედუარდ შევარდნაძემ ახალი სახალხო დღესასწაული „თბილისობა“ დააარსა. ამ დღეს დედაქალაქის ძველი ნაწილი სოფლიდან ჩამოტანილი პროდუქტითა და ეროვნულ დღესასწაულებს მონატრებული ათასობით ადამიანით ივსებოდა, უფრო სწორად, პატიოსანი მოქალაქეებით, როგორც სოციალისტურ ქვეყნებში უწოდებდნენ თითოეულ საბჭოთა მოქალაქეს, რომელიც ცალკეულ ინდივიდად არასოდეს განიხილებოდა.
დღეს, ზუსტად 31 წლის შემდეგ, თბილისი კვლავ აღნიშნავს თბილისობას, როგორც სახალხო დღესასწაულს, განცხრობისა და გართობის რიტუალს. დღევანდელი თბილისობა თითქმის არაფრით განსხვავდება 80-იანი წლებისგან. თუმცა პირადად ჩემთვის გაუგებარია ამ დღესასწაულის არსი, მისი ურბანული სახელწოდება და ყოვლად პროვინციული განწყობა.
ჟურნალისტი დავით პაიჭაძე იხსენებს ბავშვობაში ნანახ თბილისობის დღესასწაულს, როდესაც საბჭოთა მთავრობა საზოგადოებას, ანუ ე.წ. პატიოსან მოქალაქეებს, უხვი პროდუქტით ბედნიერების ილუზიას უქმნიდა.
„რა თქმა უნდა, ეს არის ტიპიური საბჭოთა დღესასწაული და მხოლოდ საბჭოთა. ახლა, როცა ვაანალიზემ იმ პერიოდს, ვხვდები, რომ მისი მთავარი მიზანი ხალხის დაპურება იყო. იგი საზოგადოებას სთავაზობდა საბჭოთა ბედნიერებას, რაც გამოიხატებოდა იმით, რომ პროდუქტი იყო უხვად. ეს იყო დანაყრების და ჭამის დღე. ნამდვილი დღესასწაული კი უნდა იყოს ზეიმი, სიხარული, მე კი ამ ზეიმის გახსენება თბილისობაზე ძალიან მიჭირს.“ - ამბობს დავით პაიჭაძე.
თუმცა სოციოლოგ ამირან ბერძენიშვილს განსხვავებული შეხედულება გააჩნია. იგი თბილისობას სოფლისა და ქალაქის დაახლოებისა და ერთ ორგანიზმად ქცევის მცდელობად მიიჩნევს: „მე ვთვლი, რომ ეს მაინც უფრო ეროვნული დღესასწაული იყო, ვიდრე საბჭოთა. გარდა ამისა, თბილისი არ არის მხოლოდ პოლიტიკური და კულტურული ცენტრი, მე ვიტყოდი, რომ იგი მულტიკულტურული ცენტრია და ამ დღეს მთელი საქართველო ერთ ადგილას იყრის თავს.“
დღესდღეობით თბილისობა ათი დღის მანძილზე გრძელდება. ქალაქის ცენტრი და ძველი თბილისი სავსეა ხალხით, სიმღერებით და მწვადის სუნით. ვინაიდან ეს ოქტომბრის ბოლოა, სოფლის მაცხოვრებლებს თბილისელებისთვის ჩურჩხელა და ღვინო ჩამოაქვთ. ამ დღეს ყველა ბედნიერია. მე კი ახლა ვხვდები, რომ სინამდვილეში ბედნიერების ილუზიას მხოლოდ საბჭოთა ხელისუფლება კი არა, თავად ქართული საზოგადოება უქმნის საკუთარ თავს, რისთვისაც მთავარი მხოლოდ ბევრი საჭმელია.
Subscribe to:
Posts (Atom)