Sunday, May 30, 2010
ბოიკოტი არჩევნებს
ლილი 53 წლის დიასახლისია, რომელსაც ბოლო რამდენიმე წელია არჩევნებში საკუთარი ნება არ გამოუხატავს. იგი არც 30 მაისის თვითმმართველობის არჩევნებზე აპირებს წასვლას, მიზეზად კი პროცესისადმი უნდობლობას ასახელებს.
“არ მინდა ვინმეს ხმა მივცე, იმიტომ რომ არავის იმედი არა მაქვს.” – ამბობს ლილი. “ისედაც მიმაჩნია, რომ უკვე არის გამარჯვებული და აზრი არა აქვს ხმის მიცემას.”
29 მაისს რუსთაველის გამზირსა და თაბუკაშვილის ქუჩაზე გამოკითხულ მოქალაქეების იმ ნაწილს, რომელიც არჩევნებზე შეგნებულად არ მიდის, რამდენიმე თითქმის იდენტური მიზეზი გააჩნია. ზოგი მათგანი თვლის, რომ საარჩევნო უბანზე მისვლა, კანდიდატის შემოხაზვა და ბიულეტენის საარჩევნო ყუთში ჩაგდება მხოლოდ დროის უქმად ხარჯვაა.
ნათია 22 წლის
“მეზარება არჩევნებზე მისვლა. რა აზრი აქვს მივალ თუ არა? უჩემოდაც გადაწყვეტენ, ვინ მოიგებს”
გეგა 35 წლის
“არ მივდივარ არჩევნებზე, იმიტომ რომ არ ვიცი ვის მივცე ხმა და არც მაინტერესებს.”
52 წლის ქალბატონი
“მე არ მივდივარ არჩევნებზე, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ არა აქვს მნიშვნელობა ვის მივცემ ხმას, უკვე ისედაც გადაწყეტილია, რომ მერი უგულავაა.”
მაკა 31 წლის
“არც ვიცი რატომ უნდა მივიდე. სულ არ მაინტერესებს ვინ იქნება მერი. მირჩევნია კვირა დღეს სახლში ვიყო, ვიდრე სპექტაკლში მივიღო მონაწილეობა.”
უნდა აღინიშნოს, რომ ამ და დანარჩენი გამოკითხული პიროვნებების დამოკიდებულება თვითმმართველობის არჩევნებისადმი ინდიფერენტულია, მიზეზები ერთმანეთის მსგავსი და, გარკვეულწილად, გაუთვითცნობიერებელი. არც ერთ მათგანს არ ახსენდება, რომ პროტესტის გამოხატვის ერთ-ერთი საშუალება, შესაძლოა, საკუთარი არჩევანის დაფიქსირებაში მდგომარეობდეს, ვიდრე ამ არჩევანზე უარის თქმაში.
პოლიტოლოგ თორნიკე შარაშენიძის აზრით, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს, რისი მიზეზიც საზოგადოებაში დანერგილი უნდობლობის განცდაა.
“წელს მართლაც ცოტა მიდის არჩევნებზე და ეს გამოწვეულია იმით, რომ ბევრი მიიჩნევს, მაინც მმართველი ძალა გაიმარჯვებს. და ის ვინც ფიქრობს, რომ წავიდეს და შეცვალოს რამე, აზრი არ აქვს. მოსახლეობის დონე იგივეა, რაც პოლიტიკური პარტიის დონე, არ მოსწონს ხალხს ეს მთავრობა და იმასაც ბევრი აღნიშნავს, რომ ოპოზიცია უფრო უარესია. ორივე მხარესთან არის სამუშაო, როგორც პოლიტოკესებთან ასევე მოსახლეობასთან, უნდა ამაღლდეს, როგორც პოლიტიკოსების, ასევე მოსახლეობის დონე. საზოგადოებას გაცრუებული აქვს იმედი და არა მხოლოდ მთავრობაში, არამედ ოპოზიციაშიც.”
თორნიკე შარაშენიძე თვლის, რომ გაუმჯობესებული წინასაარჩევნო გარემოს მიუხედავად, ამ ფაქტმა მნიშვნელოვანი გავლენა მოსახლეობის აქტივობაზე ვერ მოახდინა.
”პრინციპში, საარჩევნო კამპანია უკეთ წარიმართა, ვიდრე აქამდე. პრესა უფრო თავისუფალი იყო, მედიაც თანაბრად დაეთმო კანდიდატებს, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც აშკრაა, რომ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც რევოლუციით მოვიდა სათავეში, სერიოზული კონკურენტი არ ჰყავს და ამას ხვდება ყველა. ”
ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი, NDI-ს მიერ 2009 წლის ბოლოს ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თავისუფალ არჩევნებს დემოკრატიის განმსაზღვრელ კრიტერიუმად საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 22% მიიჩნევს.
Subscribe to:
Posts (Atom)